უკრაინაში დღეს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. მედიის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის სახელმწიფო დროშაა აღმართული. დღეს დილით უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშები გამოიფინა.
მინისტრთა კაბინეტის შენობაზე დროშის აღმართვის ცერემონიაში კი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმაც მიიღო. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ. მისი თქმით, ყველა უკრაინელის სურვილია, მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვროს.
"დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობის! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, რელიგიის, მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, ჩვენ ვართ უკრაინაში და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელებს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ ორი დღის წინ გამოაცხადა. „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ვაქცევთ ერთიანობის დღედ,“- განაცხადა ზელენსკიმ. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, 16 თებერვალს ყველა უკრაინული ტელეარხი მასპინძლობს ტელემარათონს #UARazom. მისი ნაწილი დილით, 08.00-დან 10.00 საათამდე გაიმართა, თუმცა საბოლოოდ 22.00 საათამდე გაგრძელდება.10:00 საათზე უკრაინის ჰიმნი მთელი ქვეყნის მასშტაბით აჟღერდა.