ავტორი:

"ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული" - თბილისის ზოოპარკის განმარტება მათი ბინადარი ციკნის მდგომარეობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა

"ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული" - თბილისის ზოოპარკის განმარტება მათი ბინადარი ციკნის მდგომარეობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა
თბილისის ზოოპარკი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია თუ როგორ უჭირს გადაადგილება ზოოპარკის ბინადარ კამერუნის თხისა ახალშობილი ციკანს. ვიდეოს არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. დაიწერა საყვაედურის შემცველი კომენტარები თბილისის ზოოპარკის მისამართით.
როგორც ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ციკანს თანდაყოლილი მშობიარობის ტრავმა აღენიშნება, რის გამოც ვეტექიმთა გუნდი მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევს.
"დღეს ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ზოოპარკის ბინადარი კამერუნის თხის ახალშობილი ციკანი, რომელსაც გადაადგილება უჭირს. ვიდეოს ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა ზოოპარკის მისამართით.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გვსურს, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამჟამად კამერუნის თხებს აქვთ დოლი, ანუ ნაშიერების დაბადების პერიოდი. ბოლო დღეების განმავლობაში ზოოპარკში 15-ზე მეტი ციკანი დაიბადა. ერთ-ერთს უკანა ფეხების პრობლემა აქვს. ვეტექიმების დასკვნით ციკანს მშობიარობის დროს მიღებული ხერხემლის ტრავმა აღენიშნება.
დაბადებისთანავე ციკანს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა - გაუკეთდა საჭირო პრეპარატები და ვიტამინები. გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილისთვის პირველ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედის რძე, ციკანი დედის გვერდით დავტოვეთ. დედა-შვილის ცალკე ვოლიერში გადაყვანა გამოირიცხა - ზოგადად, სოციალური ცხოველების ჯგუფისგან განცალკევება დამატებითი სტრესია და დედა-შვილის შემთხვევაში არსებობს რისკი, დედამ უარი თქვას პატარის მოვლაზე. გარდა ამისა, არის შანსი, რომ თუ ახალშობილის პრობლემა გამოსწორებადია, სხვა ციკნების თამაში და სირბილი მასტიმულირებელი აღმოჩნდეს და მოტივაციამ ჩართოს რეაბილიტაციის მექანიზმები. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაწყდა დედა-შვილის სხვა თხებთან ერთად, იმავე ვოლიერში დატოვება.
თუ ციკანის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა, ჩვენმა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი, წაიყვანოს პატარა სახლში და მოუაროს სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები ახალშობილებში ხშირია როგორც ზოოპარკებში, ისე ბუნებასა და ფერმებში. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რაოდენ კარგ პირობებშიც არ უნდა იყოს ცხოველი, ამისგან დაზღვეული არავინაა. მსგავს შემთხვევაში ციკანი სიკვდილისთვის იქნებოდა განწირული როგორც ბუნებაში, ისე შინაური მოვლის პირობებში (კამერუნის თხა შინაური ცხოველია). ჩვენ კი (და ზოგადად, ზოოპარკები) მაქსიმუმს ვაკეთებთ ცხოველების გადარჩენისა და რეაბილიტაციისთვის.