ავტორი:

"მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა და გაიყვანოს ძალები" - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერთობლივი განცხადება

"მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა და გაიყვანოს ძალები" - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერთობლივი განცხადება

"ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას" - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი მკაცრად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის ძალზე ფართომასშტაბიანი, არაფრით პროვოცირებული და უსაფუძვლო სამხედრო ფორმირებით უკრაინის გარშემო და ბელარუსში. ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დიპლომატიის გზა აირჩიოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. შედეგად და ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს, როგორც ამის შესახებ მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას”, - წერია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგული.

თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შედეგები მოჰყვება და ძვირი დაუჯდებათ. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ჩვენ გამოვთქვით მზაობა, ჩავერთოთ განახლებულ ევროპული უსაფრთხოების დიალოგში, რომელიც ინიცირებულია პოლონეთის როგორც ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარის მიერ. ჩვენ რუსეთს არსებითი წინადადებებით მივმართეთ, ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ერის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და ველოდებით პასუხს. არაერთხელ შევთავაზეთ და ვაგრძელებთ შეთავაზებას შემდგომ დიალოგზე ნატო-რუსეთის საბჭოს საშუალებით და მზად ვართ, ჩავერთოთ. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს და აირჩიოს დიპლომატიის გზა და დეესკალაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.