ავტორი:

"ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია უკრაინის თემაზე - რაც შეეხება შიშს, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია უკრაინის თემაზე - რაც შეეხება შიშს, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ და "ქართული ოცნება“ აქცენტს აკეთებს ომის არდაშვებაზე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებითვე, საქართველოს ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარება მოვლენები უკრაინასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა კონკრეტულად რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო - სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო უკრაინის თემაზე და ერთ-ერთია, მათ შორის საქართველო. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც ჩვენი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე, რაც არის ომის არდაშვება და აქეთკენ უნდა იყოს თითოეული ნაბიჯი მიმართული, მათ შორის რიტორიკაც. ჩვენი სულისკვეთება ჩანს ყველაფერში, თითოეულ ჩვენს ნაბიჯში. რაც შეეხება სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, არავითარი კითხვის ნიშნის ქვეშ ეს საკითხი, ჩვენი მხრიდან, არ დგას. ჩვენს ხელში არ არის გადამწყვეტი როლის შესრულება ომის არდაშვებაში, მაგრამ ამის მიღმა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ჩვენი ოპონენტები ითხოვენ, გვგონია, რომ უფრო მეტად დასხამს წყალს იმ დისკურსზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა - ომის არდაშვება.

რაც შეეხება შიშს, შიშზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაკნინონ რაღაც ფორმით. შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელი, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს - იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა. თუმცა, შემდეგ, რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად.

პირველ რიგში, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით დაიგეგმება ჩვენი ყოველი, შემდგომი ნაბიჯი.

რაც შეეხება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის, არავითარი კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს ეს - საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ბუნებრივია, ამაზე ლაპარკიც ზედმეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.