ავტორი:

ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება - რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?

ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება - რა განაცხადა იენს სტოლტენბერგმა?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსლეში იმყოფება, სადაც ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტემბერგს შეხვდა, ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

ნატო განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას და ევროატლანტიკური რეგიონისთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების მშვიდობიანად დასაძლევად, ნატოელი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოქმედებენ, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრის წინ.

"მივესალმები ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძესა და მინისტრ რეზნიკოვს, განსაკუთრებული თბილი სალამი ორივე თქვენგანს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმ ფონზე, როდესაც ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. არსებობს მოსკოვისგან მინიშნებები, რომ დიპლომატია და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ აქამდე არ გვინახავს დეესკალაციისა და ჯარის გაყვანის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო პრინციპების მიმართ გულგრილობა და მისი უნარი და მზაობა გამოიყენოს ძალა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, ვშიშობ, ეს არის ახალი რეალობა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

ნატოს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით.

ნატო აგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას“, აღნიშნა იენს სტოლტენბერგმ

"ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე გვქონდა შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ის არის ნატო-ში პირველი სამხედრო პირი, ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და, რა თქმა უნდა, ყველა პრინციპულ საკითხში ჩვენ ვართ ერთიანები. არ დაიხევს უკან, როგორც ნატო თვისი მიზნებისა და თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს გენმდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.