ავტორი:

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ვებგვერდის ინფორმაციით, განცხადება ზელენსკიმ მარიუპოლში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

"როგორც კი რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზად არის ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ამის შემდეგ ყოველ ჯერზე ვთხოვთ რუსეთს, რომ ეს შეხვედრა ამა თუ იმ ფორმატში შედგეს. მაგრამ, გარდა საჯარო პოზიციისა, რეალურად ისინი არ არიან მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის, მათ ეს არ სურთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზადაა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიტანა ოფიციალური მოთხოვნები და ცდილობდა დაკავშირებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, როდესაც უკრაინის საზღვრებზე ესკალაციის რისკი გაიზარდა რუსული ჯარების კონცენტრაციის გამო. მისი თქმით, უკრაინა ასევე დაინტერესებულია სხვა ქვეყნების ინიციატივებით, რომლებიც დახმარებას სთავაზობენ რუსულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებაში.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მე არ მითქვამს უარი არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც ეს შემოგვთავაზა. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ამა თუ იმ ქვეყანას. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან საუბრის სხვადასხვა ფორმატით", - აღნიშნა ზელენსკიმ.