ახსოვს ხიფათით სავსე დღეები, მაგალითად, რიო-დე-ჟანეიროში დაიკარგა და თავი ფაველაში (ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონები) ამოყო, რომლის მისადგომებსაც სპეცრაზმი ამაგრებდა. თუმცა, როცა ფაველის სიღრმეში 15-16 წლის გოგო ბიჭები იარაღით დარბოდნენ, თავად კამერით ხელში კედელ-კედელ მიუყვებოდა გზას...
ქართველი მსახიობი მიშა არობელიძე თავის საინტერესო და ხიფათებით სავსე განვლილ გზაზე, გზაზე ყოფნისას გაცნობილ იაპონელ მეუღლეზე და გურიაში შექმნილ სავანეზე გვიამბობს...
- ჩემი და ჩიკას შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მოხდა: 2019 წელს არგენტინაში, მეორე მოგზაურობის შემდეგ, საქართველოში ვბრუნდებოდი და კატარში, დოჰას აეროპორტში ჩიკას შევხვდი, რომელიც საქართველოში რეზო გაბრიაძის შემოქმედების სანახავად მოდიოდა. ერთმანეთი გავიცანით და რომ გავიგე იაპონიიდან იყო, როგორც იაპონურ კულტურაზე შეყვარებულმა ადამიანმა, უამრავი კითხვა დავუსვი. მანაც თავის მხრივ საქართველოს შესახებ გამომკითხა.
თბილისში რომ ჩამოვედით, ჩიკას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდე ქალაქის შესახებ, შემდეგ შესაფერისი ავტობუსი მოვძებნე, რომელიც მისთვის საჭირო ადგილას მიიყვანდა, ნომრები გავცვალეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. იმავე საღამოს, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩაის ვსვამდი და ჩიკას მივწერე მოსულიყო, მას შემდეგ 2 კვირის მანძილზე თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, ქალაქს ვათვალიერებდით და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობაც გრძნობაში გადაიზარდა. წასვლისას მითხრა, რომ 2 კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა საქართველოში, მას შემდეგ, რაც ტოკიოში საქმეებს მოაწესრიგებდა და შემდეგ გვექნებოდა შესაძლებლობა ცხოვრება ერთად დაგვეწყო.
ორი კვირაც გავიდა და ჩიკა საქართველოში დაბრუნდა, მე ის გურიაში წავიყვანე. რადგან უკვე ერთად ვცხოვრობდით, საჭირო იყო გამოგვენახა საქმე, რითაც ორივე ვიქნებოდით დაკავებული და სარჩოსაც შევიქმნიდით... ასე დაიბადა იდეა მიწის ნაკვეთის ყიდვისა და მასზე ტურისტული ობიექტის შექმნის თაობაზე. სურვილი გვქონდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა რეგიონში ეკო ტურიზმის განვითარების საქმეში. თუმცა ჩვენი იდეა მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლებოდა, მებაღეობითა და პერმაკულტურით ორივენი ვიყავით გატაცებული, გვინდოდა საკუთარი საკვები თვითონვე მოგვეყვანა.
ხანგრძლივი ძებნის შედეგად ვიპოვეთ ადგილი, სოფელ ვაკიჯვარში, ბახმაროს მთის მისადგომებთან. პირველივე ნახვის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ჩვენი იდეების განხორციელება გვინდოდა... აქვე უნდა დავამატო, რომ ჩიკამ ერთგვარი პირობა აღუთქვა საკუთარ თავს, რომ რადგან საქართველოში ვცხოვრობ და აქ ვაპირებთ საქმის დაწყებას, მაშინ ქართული ენის ცოდნა აუცილებელიაო და მართლაც ენა თანდათანობით იმდენად კარგად შეისწავლა, რომ დღეს უკვე მშვენივრად საუბრობს...
ჩვენს ადგილს დავარქვით "ჩამო". საჭირო იყო, რომ სახელი ყოფილიყო მარტივი, მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი და გარკვეული შემხებლობა რომ მაინც ჰქონოდა გურიასთან, ასე შევჯერდით "ჩამო"-ზე.
მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1200 კვადრატულს შეადგენს, გვაქვს გაკეთებული ზონირება, სადაც შექმნილია გლემპინგისა და კემპინგის სივრცეები. გლემპინგს წარმოადგენს 30 კვადრატული, მომცრო ზომის ხის კოტეჯი, სრულად აღჭურვილი. აგრეთვე გვაქვს დამხმარე ნაგებობა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გარე სამზარეულოს, სველ წერტილებსა და სათავსოს, განკუთვნილი არის საკემპინგე ზონისთვის. აგრეთვე ორი დანაყოფი გვაქვს შექმნილი, მსხმოიარე და ორნამენტული მცენარეებისთვის. ჩამოვიტანეთ საკურასა და ნეკერჩხლის ნერგები იაპონიიდან და შესაფერის ზონაში მოხდა მათი დარგვა...
მას შემდეგ, რაც "ჩამომ" არსებობა დაიწყო, მსოფლიოს უამრავი კუთხიდან გვყავდა სტუმრები, რათა სიამოვნება მიეღოთ აქაური ბუნებრივი მემკვიდრეობითა და შექმნილი გარემოთი... "ჩამოს" კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში: გვინდა ყველა ადამიანს ჩვენთან სტუმრობით მდიდარი და ფერადი ემოციების განცდის შესაძლებლობა ჰქონდეს.
- პროფესიით მსახიობი ხართ...
- დიახ... ბავშვობიდანვე მიყვარდა პროფილის შეცვლა, ხან რომელ პერსონაჟს ვასახიერებდი და ხან - რომელს, ამიტომაც ნათელი იყო ჩემთვის რომ მსახიობობა მინდოდა. ჩავაბარე ვაკის თეატრალურ სარდაფში, სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტზე. თუმცა 2 წლის შემდეგ სასწავლებელი დავტოვე და ტელე-რადიო უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა. ვფიქრობდი, განვითარების უფრო მეტი შანსი მექნებოდა. სწორედ აქ, ჩემი ჯგუფელი თორნიკე გავიცანი, რომელთან ერთადაც სამოყვარული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე. ერთ დღესაც მან მითხრა რომ, თავისივე მეგვარე, ვინმე ნიკა ხომასურიძე ჩამოვიდა ამერიკიდან, სადაც რეჟისურა ისწავლა და ახლა ფილმს იღებდა, რომელსაც "დავიწყებული მეფე" ერქვა.
თორნიკე მას გადასაღებ მოედნზე დეკორაციების შენებაში ეხმარებოდა და მეც შემომთავაზა წასვლა. რასაკვირველია, გავყევი და ჩემდა გასაოცრად საშუალება მომეცა მეც შემეტანა საკუთარი წვლილი დეკორაციის კეთებაში. მას შემდეგ, რაც რეჟისორი უკეთ გავიცანი, ვუთხარი რომ მსახიობობა მინდოდა და თუ რამე ქასთინგი ექნებოდა, ჩემთვისაც შეეტყობინებინა. მოხდა ისე, რომ სწორედ ამ ფილმისთვის სჭირდებოდა საბჭოთა ჯარისკაცი.
მითხრა, ფორმა ჩამეცვა და მეცადა. საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ აგერ დეკორაციის კეთებისათვის მისულს, როლი შემხვდა. პატარა როლი იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილების მომცემი და მაშინ ბედნიერებისგან დავფრინავდი. გადაღებები იმედის ტელევიზიაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდს იღბლიან შემთხვევითობას დავარქმევდი.
ამ პროექტის შემდეგ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მივიღე მონაწილეობა, მესამე სეზონში. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივ სააგენტოში გავწევრიანდი, დამირეკეს და შემომთავაზეს ამერიკელი მსახიობის, ტრევისის ვან ვინკლის დუბლიორად მუშაობა, ფილმში "247 ფარენჰეიტით"... უნდა ითქვას ისიც, რომ იმ დროისთვის ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ჰონორარს, გადაღების პროცესი მიყვარდა და ოღონდ კი რამე პროექტში მიმეღო მონაწილეობა, ფულს არ დავეძებდი. ქასტინგებშიც კი, რომელიც ძალიან ცოტა ტარდებოდა, სიამოვნებით ვიღებდი მონაწილეობას, ჩემს შეგნებაში ეს შესაძლოა ყოფილიყო რაღაც მნიშვნელოვნის დასაწყისი. თუმცა დრო გადიოდა, მეც თანდათან მივხვდი, რომ მსახიობობა ჩვენს ქვეყანაში სულაც არ იყო საოცნებო პროფესია, ამ საქმით სარჩოს ვერ შევქმნიდი.
შესაძლებლობებიც არსად იყო, ჩვენ ბაზარი არ გვაქვს კინემატოგრაფის და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება თავი დამენებებინა ამ საქმისთვის, მემოგზაურა და შემდეგ დამეწყო საქმე, რომელიც გაცილებით უფრო პრაგმატული იქნებოდა და მატერიალურ თავისუფლებასაც მომიტანდა. სწორედ ასე, 2012 წელს ოცნება ავიხდინე და მოგზაურობისკენ გადავდგი პირველი ნაბიჯები
- მსოფლიო შემოიარეთ, უამრავი საინტერესო თავგადასავალი გაქვთ...გვიამბეთ თქვენი მოგზაურობის შესახებ...
- ჩემი მოგზაურობა თურქეთიდან, 2012 წლის 12 ივლის დაიწყო... სახლში ვიყავი, ოზურგეთში, ზურგჩანთა ავიღე და გზას დავადექი, სტამბულამდე ავტოსტოპით ვიარე. გზად ბევრი რამ გადამხდა, მითმეტეს მაშინ, როცა გამოუცდელი ვიყავი და ეს ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო... სრულიად მარტო ვიყავი, ბევრი რამის დამტკიცება მომიწია საკუთარი თავისთვის.
ამის შემდეგ, რაც ცოტა გამოცდილება დავაგროვე, ვისწავლე, სად როგორ უნდა მოვქცეულიყავი, შემოვიარე მეზობელი ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი... ასე გრძელდებოდა ჩემი მოგზაურობა. საბოლოო ჯამში 8 წლის მანძილზე დავეხეტებოდი აღმა-დაღმა, ხან სად, ხან სად... მოგზაურობისას სადაც დამიღამდებოდა, იქვე ვიძინებდი.
მახსოვს ხიფათით სავსე დღეები. მაგალითად, რიო დე-ჟანეიროში დავიკარგე და თავი ფაველაში ამოვყავი, რომლის მისადგომებსაც სპეცრაზმი ამაგრებდა. თუმცა ფაველის სიღრმეში 15-16 წლის გოგო ბიჭები იარაღით დარბოდნენ, მე კიდევ კამერით ხელში კედელ-კედელ მივუყვებოდი გზას.
ყოველ ქვეყანას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც გაგაოგნებს. მაგალითად, იტალიაში უზარმაზარი კულტურის გარდა, ხალხია ძალიან საინტერესო და ემოციური, მე ყოველთვის ვამბობ, რომ განვითარებული ქართველები არიან. ჩვენნაირი მანკიერი მხარეებით. ინგლისში ყოფნის დროს თავი ფილმში მეგონა, ყველაფერი რაც კი ნანახი თუ გაგებული მქონდა ინგლისის თაობაზე, თვალწინ მედგა.
გამოვყოფდი ალბათ მაინც სამხრეთ ამერიკას და აზიას. სამხრეთ ამერიკაში გავიარე 5000 კილომეტრზე მეტი ავტოსტოპით, ბრაზილიაში პარაგვაიში, ურუგვაისა და არგენტინაში. შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს და რამდენიმე უახლოესი მეგობარიც შევიძინე. მოგზაურობის დროს ვაწარმოებდი დღიურს, რომელსაც დავარქვი "გზა არის სახლი", ვიღებდი ფოტოებს და ვაკეთებდი ჩანახატებს.
ნეპალში ჩემი ყოფნის დრო, მახსოვს ჰიმალაიზე როგორ დავდგი ფეხი და მახსოვს ის გრძნობა, რასაც ენა ვერ იტყვის. დაუვიწყარია პატაგონია და რიოს თვალუწვდენელი ხედები, აგრეთვე ტაჯმაჰალი აგრაში, ყოველი წუთი იაპონიაში... ეს არის გამოცდილება, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც მუდამ გულით ატარებ!