ავტორი:

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ - რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს" - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ - რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს" -  გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსული აგრესიის აჩრდილი დიდი ხანია თან დასდევს აღმოსავლეთ ევროპას, დღეს ის ჩვენს მეგობარ უკრაინას ემუქრება და საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს.

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, სამხედრო მობილიზების შენელების ნიშნები არ ჩანს. ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ძალები გადიან. რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან უნდა დაიხიოს,“- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ორი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შერყევას განაგრძობს.

"როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა 15 წლის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა, მან თქვა, რომ ნატოს გაფართოება "სერიოზულ პროვოკაციას წარმოადგენს“. მას შემდეგ ნატო რუსეთის ტერიტორიისკენ არ გაფართოებულა, მაგრამ რუსეთი შეიჭრა ორ სუვერენულ სახელმწიფოში და აგრძელებს მათი ტერიტორიული მთლიანობის შერყევას,“ - განაცხადა ტრასმა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს დიპლომატიისა და დეესკალაციისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ რუსეთს, დიპლომატიის გზა აირჩიოს. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ. მე ვეუბნები რუსეთს: ახლა არის დეესკალაციის და დიპლომატიის არჩევის დრო. ამასთან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ - თუ ისინი გადაწყვეტენ გააგრძელონ აგრესიის გზა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.