ავტორი:

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა - რით ხსნიან კრემლში დიპლომატის გაძევებას და რას აცხადებენ ამერიკელი პოლიტიკოსები

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა - რით ხსნიან კრემლში დიპლომატის გაძევებას და რას აცხადებენ ამერიკელი პოლიტიკოსები

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე, ბართ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ "ინტერფაქსი” იუწყება."გორმანი თანამდებობრივად მეორე პირი იყო ამერიკის საელჩოში, ელჩის შემდეგ და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შორის მთავარი პირი“, - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა, ჯეისონ რებჰოლცმა.

მისი თქმით, გორმანმა ქვეყანა უკვე დატოვა რეგულარული დიპლომატიური როტაციის ფარგლებში, იანვარში, მივლინების დასრულების შემდეგ.

მისიაში აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.

"ამერიკის ელჩის მოადგილის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება დაუსაბუთებელია. ჩვენ ამ ნაბიჯს განვიხილავთ როგორც ესკალაციას ჩვენ ურთიერთობებში და პასუხის შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ. გორმანს გააჩნდა მოქმედი ვიზა. ის რუსეთში დაახლოებით, სამი წელი იმყოფებოდა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატებისა და თანამშრომლების დაუსაბუთებელი გაძევება და პროდუქტიულად ითანამშრომლოს ჩვენი მისიების აღდგენაზე“, - განაცხადა ამერიკის საელჩოს პრესმდივანმა.

მანვე დასძინა, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყანას ჰყავდეს აუცილებელი რაოდენობის დიპლომატიური პერსონალი მთავრობათა შორის კავშირების გამარტივების მიზნით.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის ქმედებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთში აშშ-ის მისია დაკომპლექტდა გაცილებით დაბალ დონეზე იმასთან შედარებით, რა დონეზეც არის რუსეთის მისია შეერთებულ შტატებში. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მეტ პარიტეტსა და ურთიერთგაგებას ჩვენ მისიებში“ , - განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში ადასტურებენ ინფორმაციას გორმანის გაძევების შესახებ და აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი გასული თვის ბოლოს აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევებაზე.

"ამერიკელ დიპლომატს მართლაც დაევალა დაეტოვებინა რუსეთი, მაგრამ ეს არის მკაცრი პასუხი ვაშინგტონიდან ჩვენი საელჩოს მრჩევლის არაგონივრულ გაძევებაზე, მიუხედავად მისი წამყვანი ოფიციალური პირის სტატუსისა", - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა.

ცნობისთვის, 2021 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ათეულობით რუს დიპლომატს, რომლებიც შტატებში სამ წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ, ქვეყნის დატოვება მოეთხოვებოდათ.

ნაწილმა აშშ იანვრის ბოლოს დატოვა, ნაწილმა კი ივნისში უნდა დატოვოს. სახელმწიფო დეპარტამენტში მაშინ განაცხადეს, რომ ეს არ იყო "სადამსჯელო ღონისძიება", არამედ ეს მიზნად ისახავდა რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიურ მისიებს შორის პარიტეტის უზრუნველყოფას.