ავტორი:

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისთვის "პალიტრა L“ სკოლების ჩართულობით ახალ პროექტს იწყებს

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისთვის "პალიტრა L“ სკოლების ჩართულობით ახალ პროექტს იწყებს

წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, "პალიტრა L-მა“ მასშტაბური პროექტი დაიწყო. გამომცემლობა სკოლებს, რომლებშიც წიგნის კითხვის კლუბი ფუნქციონირებს, თანამედროვე ლიტერატურას უსასყიდლოდ გადასცემს. პროექტი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მასში ჩაერთვებიან სკოლები არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

პროექტის პირველ ეტაპზე შეირჩა 7 სკოლა თბილისიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან. აღნიშნული სკოლებია:

  • პირველი გიმნაზია
  • მე-20 საჯარო სკოლა
  • 26-ე საჯარო სკოლა
  • 55-ე საჯარო სკოლა
  • 182-ე საჯარო სკოლა
  • რუსთავის 28-ე საჯარო სკოლა
  • ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლა

მათ უკვე გადაეცათ სპეციალურად შერჩეული წიგნები, რომლებსაც მოსწავლეები წაიკითხავენ და შემდეგ იმსჯელებენ. პროექტმა სკოლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

"სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, მე-10 კლასის მოსწავლის ნინო ადუაშვილის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, თბილისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კითხვის მოყვარულთა კლუბმა გამომცემლობა "პალიტრა L-გან“ სასიამოვნო სიურპრიზი მიიღო. გამომცემლობამ კლუბს სხვადასხვა ავტორის საკითხავი წიგნების ახალი გამოცემები გადასცა საჩუქრად. სკოლა დიდ მადლობას უხდის გამომცემლობას საჭირო და ძვირფასი საჩუქრისთვის,“ – აღნიშნავენ 26-ე სკოლის წარმომადგენლები.

წიგნის კითხვის პოპულარიზაციის პროექტში ჩართულები არიან ლიბერთინსელებიც. "ლიბერთინსი“ გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ პროექტია, რომლის ფარგლებშიც თინეიჯერების ასაკზე გათვლილი თანამედროვე, პოპულარული ლიტერატურა ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. წიგნების შერჩევის პროცესში თავად ლიბერთინსელები, ის ქართველი თინეიჯერები არიან ჩართული, რომლებიც ლიტერატურას უცხოურ ენაზე კითხულობენ და შემდეგ გამომცემლობას ამა თუ იმ წიგნის თარგმნას ურჩევენ.

ლიბერთინსელი მარიამ ლიპარტელიანი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდების ჯგუფიდან, რომელიც პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. ის თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეა.

"ვფიქრობ, ლიბერთინსის ეს იდეა სკოლის მოსწავლეებს განსხვავებული, სათავგადასავლო და ამაღელვებელი სამყაროს აღმოჩენაში დაეხმარება. რაც ყველაზე მთავარია, წიგნის კლუბში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვებსაც გაუზიარონ წიგნებიდან მიღებული ემოციები. მიხარია, რომ ჩართული ვარ ამ აქტივობაში და წარმოვადგენ 55-ე სკოლას. სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას თანატოლებს,“ - აღნიშნავს მარიამ ლიპარტელიანი.

გამომცემლობა "პალიტრა L“ პროექტის შემდეგ ეტაპზე კიდევ უფრო მეტი სკოლის ჩართვას აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც "პალიტრა L“ ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. მის სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში აქტიურად არიან ჩართული მოზარდები, თინეიჯერები. გამომცემლობის მთავარი მიზანი წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა და მისი განსაკუთრებული პოპულარიზაციაა.

R