ავტორი:

"პუტინს ერთადერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა..." - როგორ შეიძლება შეჩერდეს რუსული აგრესია და რამდენად საშიშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნები?

"პუტინს ერთადერთი ენა ესმის,  ეს არის ძალის ენა..." - როგორ შეიძლება შეჩერდეს რუსული აგრესია და რამდენად საშიშია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნები?

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება ყოველდღიურად მძიმდება.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მხრიდან 48-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საბავშვო ბაღიც დაიბომბა - ის განცხადებები, რასაც რუსული მხარე აკეთებს, 2008 წლის დეჟავუს იწვევს", - განაცხადა საგარეო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ახლაც ის ფრაზები, რიტორიკა და იმავე ტიპის პროვოკაციები მომდინარეობს, როგორიც 2008 წელს საქართველოში.

"ზუსტად 2008 წლის სცენარით მიდის ყველაფერი. არამხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. 2008-შიც ჩვენ გვარწმუნებდნენ, არაფერი ხდებაო. ამბობდნენ, - მერე რა, რომ რუსი სამხედროების მიერ რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობსო, მერე რა, რომ წვრთნები ტარდება, წვრთნების შემდეგ რუსეთის ჯარი გავაო... მაგრამ რეალურად მსგავსი არაფერი ხდებოდა. ახლა პუტინისთვის მოულოდნელი იყო იმ ერთიანობის დემონსტრირება, რომელიც დასავლეთმა აჩვენა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთი განცხადებების მიღმა წავიდა და ამას მოაყოლა ქმედებები - საკმაოდ მტკივნეული სანქციები რუსეთისთვის, მოაყოლა სერიოზული დახმარება, რომელიც არის არამხოლოდ ფინანსები, არამედ სერიოზული შეიარაღება, წვრთნები და ლაივრეჟიმში მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია. ასევე გაფორმდა ახალი ალიანსი - უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი და ეს ყველაფერი პუტინისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ძალიან ძნელია რუსეთზე რაციონალურად ილაპარაკო, რადგან არც რუსეთია რაციონალური და არც პუტინი. ისინი ყოველთვის ირაციონალურად მოქმედებენ. ერთადერთი, რითაც მათი შეჩერება შეიძლება, ეს არის ძალა. სამწუხაროა ის რევერანსები, რითაც დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი ესაუბრება რუსეთს, იქნება ეს გერმანიის ახალი კანცლერი, რომელმაც ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც მანამდე ყველამ, ვისაც პუტინთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია. ეს ენა პუტინს არ ესმის, მას ერთადერთი ენა ესმის - ეს არის ძალის ენა, რომ სხვა მასზე უფრო ძლიერია, რომ გააჩერებს“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის საკითხს არ შეეხება. ფხალაძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის იბრძვის.

"ეს არ არის მხოლოდ პუტინის და უკრაინის თემა. რუსეთი იბრძვის გავლენის სფეროს გაფართოებისათვის და ამას ცდილობს ყველგან, სადაც შესაძლებელია. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ის წვრთნები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რატომღაც რუსულ-ბელარუსულ წვრთნებად მოინათლა, ეს არ არის რუსულ-ბელარუსული წვრთნები. ეს წვრთნები მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და არის ძალიან საშიში სცენარები, რომელიც იქ მუშავდება. ის ადამიანი, რომელიც არის ამ ტიპის აგრესიის განმახორციელებელი, ყოველთვის შეეცდება სადღაც მონახოს სუსტი წერტილი, რადგან აქ თუ არ გამოუვიდა, იქ გამოუვა მაშინ. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ უკრაინაზე, რაც კარგია, მაგრამ ფაქტობრივად არ ვსაუბრობთ საქართველოზე. როცა ვუყურებ რა არის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი, აბსოლუტურად ამოვარდნილი ვართ იმ კონტექსტიდან, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ამ დროს ვართ ძალიან დაუცველები. გართული ვართ სულ სხვა რამით, სულ სხვა დღის წესრიგი გვაქვს და ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.