ავტორი:

"სუს-ი არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის დანაშაულის მთავარი ადგილი" - ლევან ხაბეიშვილი

"სუს-ი არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის დანაშაულის მთავარი ადგილი" - ლევან ხაბეიშვილი

"დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სუს-ის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ტრანსნაციონალურ ოფისებს გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობს. აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან, მისი თქმით, მილიარდობით ლარს ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი იღებენ, რომელსაც "იყენებენ არჩევნების გასაყალბებლად“.

"მინდა გამოვეხმაურო პროკურატურის "ფაფხურს“ პირდაპირი მნიშვნელობით, რომელთაც გაასაჯაროვეს დღეს, რომ თითქოს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, წინ წაიწიეს. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და ჩართული ვარ ამ საქმის გამოძიებაში, ამიტომ რიგითი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები კი არა, რეალური თანამდებობის პირები არიან, ვინც მფარველობენ ამ ქოლ-ცენტრებს და დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი. ეს არის ადგილი, საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარი შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და "ქართულ ოცნებას“, რომლებიც შემდეგ, ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად. ამასობაში, ტელეკომპანია "იმედი“ და მათი პროპაგანდისტული მანქანა ქოქავს სიცრუის მანქანას, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ თურმე ოპოზიციას ჰქონია ქოლ-ცენტრები. შეგახსენებთ, 10 წელია მთავრობაშია "ქართული ოცნება“ და თუ ვინმე რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ეწევა ქვეყანაში, ჩემს გარეშეც უნდა დაეწყოთ გამოძიება, ჩემს გარეშეც უნდა შეეძლოთ ამ სიუჟეტების კეთება და მე ამასობაში, კონკრეტულ ოფისებთან დავდივარ, ვასაჯაროებ კონკრეტულ მისამართებს.

მოვუწოდებ, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერებს, მე მზად ვარ, ნებისმიერ ოფისში გამოგყვეთ და ნებისმიერი ოფისის აღკვეთაში მივიღო მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სუს-ის ხელმძღვანელის, ლილუაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ გატარდება საგამოძიებო მოქმედებები ევროპელი სამართალდამცავების მეშვეობით და სავარაუდოდ, ეს ადამიანები იქნებიან სანქცირებულები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. ქოლ-ცენტრის კიდევ 5 თანამშრომელი.