ავტორი:

დუხჭირი ცხოვრებიდან წარმატებამდე: ეთერ თუთბერიძის აღზრდილების 5 ოლიმპიური მედალი, დოპინგ-სკანდალი და დარდი შვილზე - ვინ არის ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკი" მწვრთნელი?

დუხჭირი ცხოვრებიდან წარმატებამდე: ეთერ თუთბერიძის აღზრდილების 5 ოლიმპიური მედალი, დოპინგ-სკანდალი და დარდი შვილზე - ვინ არის ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკი" მწვრთნელი?

დოპინგ-სკანდალმა 15 წლის რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას სპორტულ შედეგზე თავისი მძიმე გავლენა იქონია და ვუნდერკინდი მოზარდი ოლიმპიური კვარცხლბეკის მიღმა დარჩა. გოგონამ თავისუფალი პროგრამა დიდი ხარვეზებით შეასრულა და მოკლე პროგრამის შედეგად პირველ ადგილზე მყოფი, საბოლოო ჯამში, მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მფლობელები კი მისი თანაგუნდელები, ანასტასია შერბაკოვა (ოქრო) და ალექსანდრა ტრუსოვა (ვერცხლი) გახდნენ. სამივე გოგონას მწვრთნელი ქართული წარმოშობის ეთერ თუთბერიძეა, რომელიც მსოფლიო საციგურაო სამყაროს ყურადღების ცენტრში 2014 წელს მოექცა, როდესაც მისი აღსაზრდელი იულია ლიპნიცკაია სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. უკვე 2018 წელს ოლიმპიურ პიედესტალზე მისი ორი აღზრდილი დადგა - ალინა ზაგიტოვა და ევგენია მედვედევა. წელს თუთბერიძის სამწვრთენლო შტაბი ოლიმპიური კვარცხლბეკის სამივე საფეხურს უმიზნებდა, მაგრამ დოპინგ-სკანდალმა მათი გეგმები ნაწილობრივ ჩაშალა.

კამილა ვალიევა

პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წარმომადგენელ ფიგურისტ გოგონას, კამილა ვალიევას შარდის ანალიზში, რომელიც მან შარშან 25 დეკემბერს, რუსეთის ჩემპიონატის წინ ჩააბარა, აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება, ტრიმეტაზიდინი, ტესტის შედეგები მხოლოდ 11 თებერვალს გახდა ცნობილი. გამოძიება 15 წლის მოციგურავეს გარშემო კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს, კარგა ხანს გასტანს. 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დოპინგის საერთაშორისო სააგენტო ვალიევასთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებდა და ფიგურისტის გარემოცვიდან შეამოწმებდა მის მწვრთნელებს, ექიმებს და სხვა სრულწლოვან პირებს. ტესტის პასუხებმა ისე დაიგვიანა, რომ ვალიევას ოლიმპიადაზე უკვე მოგებული ჰქონდა გუნდურ გამოსვლაში ოქროს მედალი, თუმცა ამ ამბის გახმაურების შემდეგ მედლებით დაჯილდოება გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა ვალიევას ასპარეზობის გაგრძელების უფლება, როგორც არასრულწლოვანს, მაინც მიეცა. ეს გადაწყვეტილება სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ 14 თებერვალს მიიღო.

კამილა ვალიევა მწვრთნელთან ერთად

საციგურაო სამყარო მისგან ამ ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგშიც ოქროს ელოდა, ვალიევას ციგურაობა გამორჩეულია, მას ისევე, როგორც თუთბერიძის სხვა აღზრდილებს, შეუძლია ოთხმაგი ნახტომების უპრობლემოდ შესრულება, თან ისე სრულყოფილად, როგორც ვაჟთა დიდ ნაწილსაც კი არ შეუძლია. ზოგადად ოთხმაგი ნახტომები ქალებს შორის დიდი იშვიათობაა, თუმცა ეს თუთბერიძის მოსწავლეებს არ შეეხება.

ალექსანდრა ტრუსოვა და ანა შერბაკოვა

როგორც რუსული პრესა წერს, ეთერ თუთბერიძის სამწვრთნელო გუნდი თანამშრომლობს ექიმთან, რომელიც უკვე ორჯერ გაეხვია სკანდალში დოპინგის გამო. შესაბამისად, კამილასთან დაკავშირებულ სკანდალსაც ამ ექიმს უკავშირებენ.

სხვა საკითხია ვალიევას სისხლში ნაპოვნ ნივთიერებას რამდენად შეეძლო მის სპორტულ შედეგზე ზემოქმედება, ამის თაობაზე სპეციალისტების აზრები იყოფა: ერთნი მიიჩნევენ, რომ იმ პრეპარატს, რაც ვალიევასთან ნახეს, არ აქვს ზემოქმედება, სხვების აზრით, პრეპარატს შეეძლო გოგონასთვის გარკვეული უპირატესობა მიენიჭებინა... მოციგურავეების ნაწილი ამბობს, რომ ციგურაობაში დოპინგპრეპარატების მიღებას, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, აზრი საერთოდ არ აქვს, რადგან ამას ფიგურისტისთვის წარმატების მოტანა არ შეუძლია. "4-ბრუნიანი ნახტომის შესრულება ან შეგიძლია, ან - არა, ამაში ვერანაირი პრეპარატი ვერ დაგეხმარება", - ამბობს ერთ-ერთი ცნობილი რუსი მოციგურავე ირინა სლუცკაია.

  • #სირცხვილითუთბერიძე

კამილა ვალიევას დოპინგ-სკანდალის შემდეგ რუსულ ოფიციალურ ქსელებში დაიწყო სპორტსმენის მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძისა და მისი სამწვრთნელო გუნდის მასობრივი ბრალდების კამპანია. მათ ახალგაზრდა სპორტსმენების "ცხოვრების დანგრევაში“ ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ გაჩნდა ჰეშტეგი #позорТутберидзе (#სირცხვილითუთბერიძეს), სადაც თავი მოიყარა ინფორმაციამ იმ ტრავმებისა და ფსიქიკური პრობლემების შესახებ, რომელთა გადატანაც მოუწიათ თუთბერიძის მოწაფეებს. კერძოდ, ნახსენები იყო იულია ლიპნიცკაია, სოჭი-2014-ის ოლიმპიური ჩემპიონი. მან კარიერა 19 წლის ასაკში დაასრულა. როგორც ამბობენ, მანამდე კლინიკაში მოხვდა ანორექსიის დიაგნოზით. თუთბერიძის კიდევ ერთმა აღზრდილმა, ევგენია მედვედევამ, კარიერა დაასრულა ხერხემლის ტრავმის შემდეგ. გულშემატკივრებმა სამწვრთნელო შტაბს ბრალი დასდეს იმაში, რომ ის დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო, მალთაშუა ნერვის დაზიანებამდე მიიყვანეს.

თუთბერიძეს ადანაშაულებენ, რომ უკიდურესად მკაცრია და ახალგაზრდა მოციგურავეებს "დრაკონული“ წესებით წვრთნის. თვითონ თუთბერიძე მიიჩნევს, რომ შედეგის მიღწევა დისციპლინის გარეშე შეუძლებელია, თუმცა თავს მონსტრად სულაც არ მიიჩნევს. მან ამის თაობაზე, გასული წლის მიწურულს, ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

  • ვინ არის ეთერ თუთბერიძე?

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ის ოჯახში მე-5 შვილი გახლდათ, მას ერთი ძმა და სამი და ჰყავს. ფიგურულ სრიალზე დედამ მიიყვანა. თავიდან ერთეულთა სრიალში გამოდიოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და იძულებითი შესვენებისას, სიმაღლეში ისე ძალიან მოიმატა, რომ როცა დაბრუნდა, იძულებული გახდა ბედი ყინულზე ცეკვებში ეცადა. როგორც თვითონ ამბობს, ეს მისთვის ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, რადგან ყოველთვის ინდივიდუალურ მოციგურავედ ხედავდა თავს. შესაძლოა, ამანაც განაპირობა, რომ როგორც სპორტსმენს, დიდი მიღწევები არ ჰქონია.

მან 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურ სპორტს თავი დაანება და პროფესიონალებში გადავიდა. როგორც თვითონ ამბობს წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი ადრეულ ასაკში გაუჩნდა.

"პატარა ვიყავი, ჩვენთან სტუმრად საქართველოდან ჩამოვიდნენ მამაჩემის ნათესავები, გაიშალა სუფრა, წავიდა სადღეგრძელოები, როგორც ხდება ხოლმე. ვიღაცამ მამას ჰკითხა, - ბოლოს და ბოლოს რამდენი შვილი გყავსო. მან კი უპასუხა, - ერთიო... გავოცდი, მივედი, მხარზე დავადე ხელი და ვუთხარი, - მამა, ჩვენ ხომ ხუთნი ვართ-მეთქი... მამამ გაიცინა, - მხოლოდ ბიჭი მიიჩნევა შვილად, რადგან ის არის გვარის გამგრძელებელიო... მაშინ ვიფიქრე, რომ რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც მამაჩემს აზრს შეაცვლევინებდა. სამწუხაროდ, მამა ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო, დარწმუნებული ვარ, იამაყებდა ჩემით“, - ამბობს თუთბერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

კითხვაზე მიიჩნევს თუ არა თავს ქართველად, ამბობს, რომ: "ალბათ არა...", თუმცა იქვე აცხადებს: "მამა ნამდვილი ქართველი იყო, ცხოვრების ბოლომდე ხუმრობდა, - ქართული ლამის დამავიწყდა და რუსული კიდევ ვერ ვისწავლეო...“

ეთერ თუთბერიძე წარმატებით გამოდიოდა რუსულ შოუში "ბალეტი ყინულზე“, 18 წლის ასაკში კი აშშ-ში გადავიდა ყინულის შოუ “Ice Capades” -ში სამუშაოდ. ის ამერიკულ შოუში 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.

აღსანიშნავია, რომ 1995 წლის 15 აპრილს, ოკლაჰომაში მომხდარი ტერაქტის დროს, ფაქტობრივად, აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა, რა დროსაც დაშავდა კიდეც.

1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწვრთნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა. ეთერ თუთბერიძეს უმუშავია ცირკში ყინულზე, გასაბერ ყინულის მოედანზე გამაჯანსაღებელ ჯგუფებთან ერთად, წვრთნიდა ბავშვებს მოსკოვის №8 საბავშვო სპორტულ სკოლაში. 2008 წლიდან კი დაფუძნდა მოსკოვის სპორტული ცენტრის საციგურაო განყოფილებაში.

ამბობს, რომ როგორც აშშ-ში, ისევე რუსეთშიც არაერთხელ იყო სოციალური სიდუხჭირის ზღვარზე და რასაც დღეს მიაღწია, მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგია...

2014 წლის ოქტომბერში, როდესაც თუთბერიძის აღსაზრდელებმა თავბრუდამხვევ შედეგებს მიაღწიეს, მას გადაეცა ორდენი "მამულის წინაშე დამსახურებისთვის“. ცნობილ მოციგურავესა და ქორეოგრაფ ილია ავერბუხს მიაჩნია, რომ თუთბერიძის სკოლის სიძლიერე ფასდაუდებელია.

თუთბერიძის აღზრდილთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და საკმაოდ დიდ შედეგსაც მიღწია, ის მე-10 ადგილზე გავიდა. თუთბერიძის მადლობლები არიან საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაშიც.

"თუთბერიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. უნდა გაგაჩნდეს არაორდინარული თვისებები, რომ ისეთი კოლექტივი შექმნა, რომელიც შენს სპორტსმენებთან უმაღლეს დონეზე იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ეთერს არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია - ის ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებშიც და სპორტსმენებშიც. ამასთან, ის ფენომენალურად შრომისმოყვარეა - მას დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია. ახლა მას ვერავის შეადარებ. მიმაჩნია, რომ ახლა ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ინდივიდუალურ სრიალში“, - აღნიშნავს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ეთერ თუთბერიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს დიანა დევისი, ის აშშ-ში, 2003 წელს დაიბადა.

კითხვაზე იღებდა თუ არა დიანას აღზრდაში მამა მონაწილეობას, თუთბერიძემ მოკლედ უპასუხა: "ჩვენ მამა არ გვყავს“.

ეთერი თუთბერიძის ერთადერთ ქალიშვილს აქვს განუკურნებელი დაავადება, რაც დაკავშირებულია სმენასთან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას სმენა 2.5 წლის ასაკში არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკებმა დაუქვეითა.

ერთ-ერთ გადაცემაში თუთბერიძეს წამყვანმა ჰკითხა, შესაძლებელი რომ იყოს რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო? - "მხოლოდ შვილის ჯანმრთელობას“, - უპასუხა თუთბერიძემ. ქალიშვილის სენსორული სმენის დაქვეითების მიუხედავად, ეთერი არ დანებდა და ბავშვი სპორტში ჩააბა. მისი თქმით, დიანა დიდი ხანია ადაპტირებულია მის მდგომარეობასთან. სმენის დაქვეითება ხელს არ უშლის, რომ მოისმინოს მუსიკა და ლაპარაკი და რასაც ყურით ვერ აღიქვამს, გოგონა ტუჩების მოძრაობით კითხულობს.

დიანა დევისი ბავშვობიდან პროფესიონალურად იყო დაკავებული ფიგურული სრიალით. თავიდან ის ერთეულებში გამოდიოდა და დედა ავარჯიშებდა. თუმცა, დედისვე დაჟინებული მოთხოვნით,13 წლის ასაკში იგი გადავიდა ყინულზე ცეკვის კატეგორიაში.

"მემუდარებოდა, არ უნდოდა ერთეულთა თანრიგიდან წასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი სიმაღლეში მატება შეუშლიდა წარმატების მიღწევაში ხელს, რატომღაც მეგონა, რომ ჩემზე მაღალი იქნებოდა, არადა, მე 1.76-ზე მეტი ვარ, თუმცა ასე არ მოხდა, დიანა საკმაოდ ტანმორჩილია, თუმცა დღეს უკვე აღარ არის უკმაყოფილო იმით, რომ წყვილში გამოდის“, - ამბობს ეთერ თუთბერიძე.

19 წლის დიანა ამჟამად გლებ სმოლკინთან, ცნობილი მსახიობის ბორის სმოლკინის შვილთან ერთად სრიალებს. წყვილმა გასული წლის რუსეთის ჩემპიონატზე 1-ლი ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზეც იასპარეზა. ერთხელ ეთერ თუთბერიძეს ჰკითხეს, არის შემთხვევები, როდესაც შეჯიბრზე მისი აღსაზრდელის სრიალის ყურება არ შეუძლია და ყინულისკენ ზურგით ტრიალდება, - "მხოლოდ როდესაც დიანაა ყინულზე“, - დაუფიქრებლად უპასუხა, როგორც ამბობენ, რუსული ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკმა" მწვრთნელმა...