ბავშვობაში ოცნებობდა თავისი პატარა, ლამაზი, ზღაპრული სახლი ჰქონოდა და ცოტა ხნის წინ აიხდინა, ოღონდ ამისკენ მიზანმიმართულად იარა. მარუსა ბურდულაძე პროფესიით პოლიტოლოგია. ამბობს, რომ ერთ-ერთ საკონსულოში მუშაობდა. პარალელურად ტურიზმის სფეროშიც აქტიურად იყო ჩართული, ტურისტულ კომპანიაც ჰქონდა.
ორი წლის წინ კი ქალაქში ყველაფერი მიატოვა და სოფელში წავიდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელი თოხლიაური ძალიან ლამაზი სოფელია, სადაც სოფლის განაპირას, ტყეში წლების დაკეტილი სახლი გახსნა და გააცოცხლა. ოღონდ, ყველაფერი საკუთარი ხელით, ფანტაზიით და აქტიური შრომით შეძლო.
- ყოველთვის მქონდა ამის სურვილი და სოფელში მიტოვებული ჩვენი ძველი სახლი გავაღე... მანამდე კი იდეაც მქონდა, აქ მარანივით გამეკეთებინა და ტურისტები კახეთში წამომეყვანა, გამეცნო კახური კულტურა, ტრადიციები, ღვინო და ისინი ჩემს საკუთარ სახლში მომეწვია ხოლმე. მაგრამ საქმეს რომ დაიწყებ, სული და გული უნდა ჩადო, რომ გამოგივიდეს. იმ პერიოდში ამის დრო არ მქონდა... 2 წლის წინ კი ქალაქში ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, მაგრამ ამას პანდემიას ვერ დავაბრალებ, უბრალოდ ამას ეს პერიოდი დაემთხვა...
- და როგორც ვატყობ, პანდემიამ იდეის განხორციელებაში ხელი შეგიწყო...
- კი და საქმეს გულიანად შევუდექი. ხომ ვამბობ, ბავშვობის ოცნება იყო, რომ ეს გარემო შემექმნა, რაც ახლა არის. ჩვენს სოფელში ძალიან ლამაზი ბუნებაა. პაპა და მისი წინაპარი აქ დიდი ხნის წინ დასახლდნენ. წარმოშობა ამბროლაურიდანაა, წარმომავლობით რაჭველები ვართ, მაგრამ იქაურობასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ამ სოფელში ჩვენი გვარიც ერთადერთია.
ჩემი მშობლების სახლი ამ სახლიდან ცოტა მოშორებით არის. მე უშუალოდ ტყეში დავსახლდი. აქაურობა გამორჩეულად ლამაზია. როცა ეს საქმე დავიწყე, მშობლებმა, ოჯახის წევრებმა მითხრეს, ტყეში დანგრეულ სახლში რა გინდა, აქაც შეგიძლია იდეების განხორციელება, სადაც ვცხოვრობთო. არადა, სწორედ ის მომწონდა, მიტოვებული რომ იყო, ძველი და თან, ასე ბუნებაში...
- სიძველეც ისე შეფუთე, რომ მისი მნახველი მართლაც იხიბლება...
- მიყვარს სიძველეები, ბავშვობიდან ვაგროვებდი ძველ ნივთებს. გარემოზე, რომელზეც ვოცნებობდი, იმასაც წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ამ ძველ ნივთებს მოვათავსებდი და თან ისე, რომ ისინი ბევრს ბავშვობაში დააბრუნებდა. რაღაც კეთილი ატმოსფეროს შექმნა მინდოდა... აქ ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული, ფანჯრებიც კი მე ჩავსვი, შევღებე. ყველაფერს გულით ვაკეთებდი.
- ამ ყველაფერს კომერციული დატვირთვა აქვს?
- ძალიან მცირე რაოდენობით ვიღებ სტუმრებს და თავადვე ვარ მასპინძელი. ხალხი დადებითად შეხვდა ამ ყველაფერს. იმდენი გულშემატკივარი გამომიჩნდა, არც ველოდი. შრომის პროცესში რომ ვიყავი, ყველაფერს "ფეისბუქზე" ვტვირთავდი და ხალხი სტიმულს მაძლევდა. ეს თავის დანებების უფლებას უკვე აღარ მაძლევდა. სირთულეები კი საკმარისად იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც ბოლომდე მივიყვანე.
- გასტრონომიული ნაწილიც ააწყე?
- მინდოდა, მაგრამ პანდემიამ ხელი შემიშალა. მზარეულის აყვანასაც ვფიქრობდი, რომელიც ქართული კერძების მომზადებაში დამეხმარებოდა. ამ ეტაპზე ეს მიმართულება განსავითარებელია. თუმცა ზოგს კერძებით გამასპინძლება არც უნდა და ისე მოდის, ათვალიერებენ აქაურობას, ამ გარემოში ფოტოებს იღებენ, ცოტას ისვენებენ და ამით კმაყოფილდებიან. ჩემი სამომავლო გეგმა კი ისაა, რომ ეს ყველაფერი დავხვეწო და განვავითარო.
ძირითადად სტუმრებს კვირაში ერთი დღე ვიღებ. წინასწარ მიკავშირდებიან. ამაში მეხმარება ტურიზმის სფეროში მიღებული გამოცდილება და თან ამ მხრივ ბევრი ნაცნობი მყავს. პანდემიის კუთხით ყველაფერი რომ დასტაბილურდება, მერე უფრო აქტიურად ავმუშავდები და ჩანაფიქრების განხორციელებას ბოლომდე შევძლებ. მარნის ფართიც მაქვს, პაპას ვენახი აქვს და მინდა, რომ ღვინო დავაყენო, რასაც სტუმრებს დავაგემოვნებინებ. ღვინის დაყენებას და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს სამსახურში ვსწავლობ.
- როგორც გავიგე, აქვე, სოფელშიც დასაქმებულხარ...
- კი, სამსახურიც გამომიჩნდა - ჩვენს სოფელში კახეთის ტრადიციული მეღვინეობაა. მე კიდევ ღვინის თემით ვარ დაინტერესებული, სამომავლოდ მარანიც ხომ მინდა, რომ გავაკეთო და ამ მეურნეობის ქარხანაში ამ სფეროს თან ვსწავლობ და თან ვმუშაობ. სამსახური თავად შემომთავაზეს.
- მოკლედ, დიდი ბიზნესისკენ ნაბიჯები უკვე გადადგი...
- კი და მოვერგე სოფელს. თავიდან მაინც ყველაფერს ვაკვირდებოდი, ასე დარჩენას მაინც არ ვგეგმავდი, მაგრამ მომეწონა და დავრჩი. ბევრი პერსპექტივა დავინახე. მოკლედ, თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდა, აქეთ ყოფნა მირჩევნია - ჩემი საოცნებო გარემოა.
- მშობლები როგორ უყურებენ შენს ამ აქტივობას?
- მშობლებს იმდენად არ უნდოდათ, შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ სოფელში გადმოვიდოდი და რამეს გავაკეთებდი. გარდა იმისა, რომ ბარიერებს მიქნიდნენ, იმდენად არ უნდოდათ, ფიზიკურადაც არ მეხმარებოდნენ. არ ეგონათ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, შრომა გაამართლებდა და რაიმე გამომივიდოდა. როცა უკვე შედეგი ნახეს, მერე ძველი ნივთები თვითონ მომიტანეს აქ.
- გაზი, წყალი გაქვს?
- ერთადერთი ინტერნეტი არ არის, რთული მისაყვანია და დიდად არც მინდა, ისეთი გარემოა. წყალი მიყვანილია, გაზიც - ამაზეც ძალიან ვიწვალე, მაგრამ სირთულეები დავძლიე.
- თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია...
- მართლაც ყველაფერი მინიმალური დანახარჯებით შევძელი. ფულიც არ მქონდა გადადებული, რომ რამე გამეკეთებინა. წარმოიდგინეთ, შპალერიც რომ ვერ ვიყიდე, კედელზე ძველი ჟურნალ-გაზეთები გავაკარი, რომლებიც წლების წინ მქონდა შეგროვებული. ფულის ჩადებას ვერ ვრისკავდი, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. სულ ასე ვიყავი, - ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების.
ყველას ამას ვეუბნები, მთავარი მონდომებაა, სურვილი და მერე მთელი სამყარო გეხმარება, რომ გამოვიდეს. მთავარია, ოცნებაზე არც ერთ ასაკში უარი არ ვთქვათ. მოკლედ, ვიცოდი, ამ ოცნების ასრულებას შევძლებდი. ყველას ვურჩევ, ირწმუნონ საკუთარი თავის, შესაძლებლობების და უფალი და მთელი სამყარო ნამდვილად დაეხმარებათ.