ავტორი:

"მომწერა, ეკას გაუმარჯოსო... ზოგადად, ბიძინას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა" - რას ჰყვება იუბილარ ექსპრემიერზე ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

"მომწერა, ეკას გაუმარჯოსო... ზოგადად, ბიძინას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა" - რას ჰყვება იუბილარ ექსპრემიერზე ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

"ქართული ოცნების" დამფუძვნებლი ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია, ის 66 წლის გახდა. მთელი დღის განმავლობაში ყოფილი თანაგუნდელებისგან მილოცვებს სოციალური ქსელით იღებდა.

სად იმყოფება და როგორ აღნიშნა იუბილე ექსპრემიერმა, ამის გასარკვევად ივანიშვილების ოჯახის მეგობარს ეკა ჭიჭინაძეს დავუკავშირდით:

- დარეკვის მომერიდა, არ შევაწუხებ-მეთქი და ბიძინას მისალოცი ტექსტი მივწერე, ვულოცავდი დაბადების დღეს... მომწერა მადლობაო და ეკას გაუმარჯოსო. ბიძინას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, არასოდეს არ აღნიშნავს და სულ ვეჩხუბებით, მაგრამ არაფრით არ სურს. ამბობს, ადრე ვიხდიდიო და ახლა აღარო...

ახლა მაინც ვერ გადაიხდიდა, რადგან პანდემიის გამო ჩაკეტილები არიან. საერთოდ პომპეზური დაბადების დღეების გადახდა არ იციან, ყოველ შემთხვევაში ახლა ასეა და ადრე აღნიშნავდნენ, როგორც ვიცი... ვინაიდან დაბადების დღეს არც ეკა იხდის, მე პირადად არცერთის დაბადების დღეზე არ ვყოფილვარ.

- სად იმყოფებიან ამჯერად?

- თბილისშია ახლა მათი ოჯახი... ბიძინამ მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ამინდი საქართველოში, გახადა უფრო კულტურული და ადამიანური! ამას ყველა ხედავს. 70 % ხედავს და სხვებიც დაინახავენ, ცოტა პროცენტი შტერების და დაუნახავების სულ იქნება. მისი ქველმოქმედება კიდევ ცალკე თემაა, ამასაც გაიგებენ ოდესმე.

- პატრიარქმა მიულოცა?

- არ ვიცი, მაგრამ რომ მიელოცა სადმე დაიდებოდა კიდეც. ჩვენ კი ვულოცავთ მთელი სულით და გულით, მაგრამ იუმორით გეტყვით, როგორც ჩანს ბიძინას თვითონ აღარ მოსწონს დაბადების დღის აღნიშვნები და დიდი განწყობაც არ აქვს... მე მაგალითად ჩემს დაბადების დღეზე ვგიჟდები, მასაც ალბათ გულში უხარია მილოცვები, მაგრამ აღნიშვნები აღარ სურს.