უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, კრემლის და დონბასში ოკუპირებული ადმინისტრაციის მიერ ვითარების დაძაბვაზე და დეზინფორმაციაზე „უკრაინის შეტევის“ შესახებ, რეაგირება მოახდინოს. ამის შესახებ უწყების სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დონბასში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ უკრაინის მოქალაქეები და უკრაინისთვის სრულიად პრიორიტეტულია მათი მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
„მტკიცებულება, თითქოსდა, უკრაინის ხელისუფლების განზრახვა შეტევითი ოპერაციის დაწყებაზე დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინა ასევე არ აწარმოებს და არც აპირებს არავითარ დივერსიას დონბასში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის მცდელობებს გაამწვავოს ისედაც დაძაბული ვითარება“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
მისი თქმით, უკრაინა მომავალშიც ემხრობა პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების საკითხს და პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ შეამციროს დაძაბულობა და შეაკავოს ვითარება დიპლომატიურ კალაპოტში.
„ამის ნაცვლად, ვაკვირდებით, რუსეთი როგორ აწარმოებს მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას - უცხოეთის ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს - დაუყოვნებლივ დაგმონ რუსეთის და მისი ოკუპირებული ადმინისტრაციების პროვოკაციები, რომელიც ართულებს პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესს. სათანადო რეაქციის არქონა ან ნეიტრალური პოზიცია ვითარების ესკალაციას შეუწყობს ხელს რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.