ავტორი:

დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ ამერიკაში სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა

დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ ამერიკაში სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს ორ მოქალაქეს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარმა სამმართველოს თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს - მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად გამოიყენებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ შეთანხმება არ შეასრულა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, იგი უკანონოდ დაეუფლა ჯამში 15 ათას 168 ლარს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ს.ფ.-ს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ფ.-მ 2021 წელს თაღლითობის კიდევ რამდენიმე ფაქტი ჩაიდინა, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო, ძველი თბილისის მთავარი სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველო.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.