გაგიმხელთ, ბატონი კობახიძეა შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც იუმორით უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ რა პოზიცია აქვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, გიორგი გახარია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან ალიანსში არიან.
"ძალიან რთულია ხოლმე, რამე კომენტარი გააკეთო. უფრო მეტსაც გაგიმხელთ, ბატონი კობახიძეა შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას „საცოდავი“ უწოდა.
„მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როდის გეგმავს ის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მის მიერ დაანონსებული კომპრომატების გამოქვეყნებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ თემაზე საუბრისას ამ მძიმე სიტყვას არ გამოიყენებდა, რადგან „ქართული ოცნება“ ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის ალიანსის დეტალებს ააშკარავებს.