კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ. ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კონფერენციის წევრებს კითხვით მიმართა, წარმოუდგენიათ თუ არა იმ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელსაც ყოველ დღე ეუბნებიან, რომ ხვალ ომია. ზელენსკის განმარტებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს და ეკონომიკა განადგურდება, ამიტომ ისინი ყველა ინფორმაციაზე მშვიდად რეაგირებენ.
"ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები, არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამის შემდეგ საუბარი. როგორ შეიძლება ცხოვრება სახელმწიფოში, როდესაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. მაშინ ხდება ეროვნული ვალუტის ჩამოშლა, გააქვთ ფული, ბიზნესი გადის ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ: შეიძლება ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა!“- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის დასუსტების მსურველი ქვეყანაშიც ბევრია.
"მათ სურთ, რომ უკრაინა სუსტი იყოს, ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი ჯარი - მაშინ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება. ჩვენ ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენი ხალხის დაცვას, ვერც ეკონომიკის, ამიტომ ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ ამა თუ იმ ინფორმაციაზე. ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. ამიტომ უკრაინელები არ ნებდებიან ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ყოველ დღე და ვიცავდეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ,“- განაცხადა ზელენსკიმ.