"მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს "ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ", - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“.
ჯონსონის ინფორმაციით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს "ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას" შეუჩერებენ.
ჯონსონის შეფასებით, ეს ნაბიჯი "ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს" თავისი გავლენით.
აშშ-ს მთავრობის უახლესი ინფორმაციით ვარაუდობენ, რომ 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცი ახლა განლაგებულია უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსიაში.