საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
"პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი 1 საათი 45 წუთი გაგრძელდა", - აცხადებენ მაკრონის ადმინისტრაციაში.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის 30 წუთის განმავლობაში ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმაც. კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის "გაიმართა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გრძელვადიანი სამართლებრივი გარანტიების შემუშავებაზე.
კერძოდ, მხარეებმა გამოთქვეს შეშფოთება დონბასში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ გამწვავების მიზეზი უკრაინის ძალების პროვოკაცია იყო და ყურადღება გაამახვილა "ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინას თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო მასალით ეხმარებიან“.
განცხადების თანახმად, რუსეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლება მხოლოდ მოლაპარაკების პროცესის იმიტაციას ახდენს და მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე ჯიუტად უარს ამბობს.
"მდგომარეობის ამჟამინდელი სიმძიმის გათვალისწინებით, პრეზიდენტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს დიპლომატიური გზებით გადაწყვეტილებების ძიება საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ნორმანდიულ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების მეშვეობით“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში
გარდა ამისა, პუტინმა გაიმეორა მოწოდება, აშშ-მ და ნატო-ს პარტნიორებმა სერიოზულად მიიღონ რუსეთის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და მათ კონკრეტულად და არსებითად უპასუხონ.