ავტორი:

"დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ..." - საქართველო უკრაინის კრიზისის რაკურსში

"დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ..." - საქართველო უკრაინის კრიზისის რაკურსში

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად დეესკალაციის არაერთი დიპლომატიური ცდისა, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო არსენალის თავმოყრას განაგრძობს, თან აცხადებს, რომ ვითარების განმუხტვისთვის მზად არის, თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს ისე, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დამრღვევებად უკრაინელების წარმოჩენას ცდილობს.

მოსკოვში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კი ბრძანა: "ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ალიანსისკენ. ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელშიც უკრაინა შეიძლება გაწევრდეს. იქ ჩვენთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ გზაზე დიდი მანძილია - წლები და თვეები, განსაკუთრებით, თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიების სისტემა, რომელიც თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ"... ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. იხილეთ ფრაგმენტი ინტერვიუდან:

ხათუნა ლაგაზიძე:

- ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი - ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაგრამ ვგულისხმობთ საქართველოს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რიკოშეტის პრინციპით ეს ყველაფერი საქართველოსაც აუცილებლად მოსწვდება, მეორეც, თუ უკრაინაში კრემლს ეს ყველაფერი გაუვიდა, შემდგომი სწორედ ჩვენ ვიქნებით და არამხოლოდ ჩვენ... უკრაინასაც და საქართველოსაც ნატო სჭირდებათ მაშინ, როდესაც მათ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, თორემ უკვე ოკუპირებულ უკრაინას და საქართველოს ნატო რაღას უშველის?!ცინიკურად გულწრფელი განცხადება მოვისმინეთ გერმანიის კანცლერისგან, როცა პუტინს მიმართა, ვიდრე მე და თქვენ ხელისუფლებაში ვიქნებით, ნატოს გაფართოების და უკრაინის გაწევრების საკითხი დღის წესრიგში არ დადგებაო, თან დაუზუსტა, როგორც ვიცი, თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში ყოფნასო... ეს განცხადება, ლოგიკურად, საქართველოსაც ეხება, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა და ისე გავხდეთ ნატოს წევრი, არც ველოდეთ. მეორე მხრივ, არსებობს გაცილებით რეალური სურათი იმისა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ნატოს კარი საქართველოსთვის დაკეტილი იქნება. საქართველოც და უკრაინაც იქცნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მძევლად და მსხვერპლად: ერთი მხრივ, ამან გააჩინა არარეალური მოლოდინი და ამასთანავე, ამ ქვეყნებმა აღარ დაიწყეს უსაფრთხოების პარალელურ ქოლგებზე ფიქრი, თანაც ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსეთის წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრად იქცა...

დღეს რუსეთი რომ ჩვენკენ შემოტრიალდეს, როგორც ვხვდებით ამას? საერთოდ როგორ მოვახერხეთ, რომ დავრჩით, ფაქტობრივად, უმეგობროდ, მნიშვნელოვანი პარტნიორის გარეშე? ჰიბრიდულ ომში რომ ყველა პარამეტრით დამარცხებული ვართ, ფაქტია, მაგრამ მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში, გამოდის, რომ სრულიად განიარაღებულები ვიქნებით მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისგანაც სრულიად მოშიშვლებული გვექნება ზურგი. ერთადერთ რეალურ შემაკავებელ ფაქტორად ისევ თურქეთი რჩება... ეს ყველაფერი მოიტანა გამრუდებულ სარკეში ყურებამ და ილუზიებით ცხოვრებამ.

- ორიოდე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, თითქმის დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მისი სამიზნე კიევი იქნებაო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი მართლაც გაბედავს ასეთ მასშტაბურ შეჭრას?

- ამაზე პასუხი, მგონი, არავის აქვს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ომის ბოლო დღეებია. საქმე ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები... ბევრი ირაციონალურად აფასებს პუტინის მოქმედებებს, თუმცა, ჩემი აზრით, აქამდე სრულიად ცივი ლოგიკით მოქმედებდა და, როგორც წესი, ეს ლოგიკა უმართლებდა. ის ამოწმებდა დასავლეთის პოლიტიკური კასტრაციის ხარისხს, მაშინ, როცა დასავლეთი თავისი კომფორტის ტყვედ იქცა. აქედან გამომდინარე, პუტინს ბოლომდე არ სჯერა, რომ დასავლეთი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მისი აგრესიის შესაკავებლად. თუ რუსეთი მზად არის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, მაშინ, სავარაუდოდ, ასევე არ სჯერა, რომ უკრაინელები სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ. მეხუთე კოლონა იქაც ძლიერია, შესაბამისად, ალბათ, კრემლში ფიქრობენ, რომ ომი ხანგრძლივი და მომქანცველი არ იქნება. ამასთან, ლოგიკურად სრულიად წარმოუდგენელია ამხელა ქვეყანაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარება და შემდგომ, თუ წარმატებას მიაღწევ, მისი შენარჩუნება. 40-მილიონიანი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი შენი კატეგორიული წინააღმდეგია, როგორ შეიძლება გააკონტროლო? გამოდის, სამხედრო რეჟიმი უნდა დაამყარო და ჯარი, რომელსაც შეიყვან, უკრაინაში წლების განმავლობაში დატოვო ადგილობრივი მოსახლეობის გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში. რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფინანსურად შენახვა უჭირს და ამხელა ქვეყნის სრულად გაკონტროლება, რაც წარმოუდგენელ რესურსებს მოითხოვს, როგორ უნდა მოახერხოს?! წაიკითხეთ სატატია სრულად