ავტორი:

"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე

"ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, რომელთა მაგალითზე ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!" - თენგიზ ფხალაძე

საქართველოს ხელისუფლება უკრაინის გარშემო შექმნილ უმძიმეს ვითარებაში დღემდე გადამეტებული სიფრთხილით მოქმედებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერას თუ უცხადებენ, ცდილობენ ეს ისე გააკეთონ, რომ რუსეთის მზარდი აგრესია არათუ არ დაგმონ, არამედ ოკუპანტი ქვეყანა არც ახსენონ. მეტიც, მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის პროვოკაცია ყოფილა. ამ თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე და წერს:

"მგონი ის დროა, “კრიტიკულად” გადაიხედოს ისტორია და სააშკარაოზე გამოვიდეს ის პირთა სახელები, რომლებიც პატრიოტიზმის დროშით “პროვოცირებდნენ” მტრის შემოჭრას საქართველოში. ასე მაგალითად, პროვოკატორად გამოვაცხადოთ ქეთევან დედოფალი, რომელმაც ისე გაამწარა მტერი, რომ თავის ოჯახიც და ქვეყანაც გაამწარებინა. ასევე გიორგი I (ე.წ. მესიის მახვილი, რომლის ცხოვრებაც მხოლოდ მტრის გაღიზიანება იყო), ასევე აშოტ და ბაგრატ კურაპალატები, დემეტრე II, ერეკლე II, რომელმაც ისე გაამწარა აღა-მაჰმად-ხანი, რომ თბილისი ააოხრებინა, ბაგრატ V და მისი მიმდევრები, რომელთაც თემურ-ლენგი რვაჯერ ალაშქრეს საქართველოში და კიდევ მრავალი სხვა! დავით IV და თამარს შედარებით გაუმართლათ, მათ "პროვოკაციებს" სასჯელი არ მოჰყოლია, თუმცა “ბეწვზე გადავრჩით”. პროვოკატორის და წინდაუხედავი პოლიტიკოსის სტატუსები ეკუთვნით დავით კურაპალატსა და თორნიკე ერისთავს. აბა, რა ჯანდაბა უნდოდათ სხვის ომში? ბიზანტია მაინც დაინგრა და მერე საქართველოსაც პასუხი მოჰკითხეს! მაზნიაშვილზე, კვინიტაძეზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მათნაირებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი არ ღირს, ისე გააღიზიანეს “მოძმე” რუსეთი, რომ კიდევ მრავალი წელი რეპრესიებში გვახრჩოდნენ. 9 აპრილი ხომ ერთი დიდი პროვიკაცია იყო…

ამოვშალოთ ისტორიიდან მათი სახელები, ასეთების მაგალითზე ისევ ჩვენნაირი პროვოკატორები იზრდებიან და ვერანაირად ვერ გაიზრდება “რაციონალურად” მოაზროვნე თაობა, რომელიც მომრევს “ბაბაიას” დაუძახებს!"