ავტორი:

"მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა..." - რას წერს სანდრო სანაია?

"მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა..." - რას წერს სანდრო სანაია?

24 თებერვალს გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ჟურნალისტის შვილი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ სურვილი ჰქონდა მამის დაბადების დღეზე "რუსთავი 2“-ის ეთერში ყოფილიყო, მაგრამ ამას ტრავმის გამო ვერ ახერხებს.

"25 წლამდე ისე მოვედი, ცხოვრებაში არაფერი მიტკენია. 1 კვირის წინ ხელი მოვიტეხე. დღეს მეგონა, რომ სამსახურში დავბრუნდებოდი, მაგრამ უფრო დიდი თაბაშირი დამჭირდა. მინდოდა, რომ 24-ში, გიორგის დაბადების დღეზე ეთერში ვყოფილიყავი. სიმბოლური იქნებოდა. God had other plans...“ - წერს სანდრო.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც სანდრო სანაიას 9 საათიანი კურიერი, ნათია ლაზაშვილთან ერთად მიჰყავს. გიორგი სანაიასა და ნათია ლაზაშვილს წლების მანძილზე ერთად მიჰყავდა „კურიერი“, სანამ ჟურნალისტს მოკლავდნენ.

გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე დღემდე ბევრი რამ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა სასჯელი უკვე მოიხადა, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს, უამრავი ვერსია არსებობს.

ორი კვირის წინ გიორგი სანაიას ძმას, ვახო სანაიას „ფორმულას“ ეთერში სტუმრად ჰყავდა კონსტანტინე ციხისთავი, რომელიც წარსულში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო. ციხისთავმა ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ილაპარაკა.

ის წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. რესპონდენტი ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში ჰყვებოდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა, თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.