სალომე რიგვავა მხატვარია, ამჟამად ამერიკაშია თანამედროვე ხელოვნების პრესტიჟულ აკადემიაში სწავლობს. მისი ჟანრი ძირითადად რეალისტური ფერწერაა. ბავშვობიდან ბევრს შრომობს და მიაჩნია, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
ის აფხაზეთში, გაგრაში დაიბადა. იქ ცხოვრობდა, ომი რომ დაიწყო და 5 წლისას მოუხდა იქაურობის ოჯახთან ერთად იძულებით დატოვება. შემდეგ იმ ურთულეს პერიოდში თბილისში დაბინავდნენ. დედამ შვილს მოგვიანებით ხატვის გამორჩეული უნარები შენიშნა. მისთვის ხელის შეწყობა გადაწყვიტა, თან, გარკვეულწილად, ომის საშინელებისგან მიღებული სტრესის მოსახსმელადაც, გოგონა ხატვის წრეზე მიიყვანა.
"პირველი ნაბიჯი იყო ნიჭიერთა ათწლედში, სამხატვრო სკოლაში, რითაც ძალიან დავინტერესდი და ყველაფერში აქტიურად და ბოლომდე ჩავერთე. ხატვა და ხატვის პროცესი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. მართლა რეაბილიტაციის კურსივითაც იყო... მოკლედ, ამ სკოლაში თანდათან ჩამომიყალიბდა აზრი, რომ სამომავლოდ ხატვას უნდა გავყოლოდი და ამ სფეროში უნდა მემუშავა.
აბიტურიენტობისას კი, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და ფერწერის მიმართულებით ჩავაბარე. სამხატვრო აკადემიაში საუკეთესო პედაგოგებთან მქონდა შეხება - გია გუგუშვილი, დავით ალექსიძე, მაგისტრატურაზე გია ბუღაძის ჯგუფში ვიყავი,“ - გვეუბნება სალომე რიგვავა, რომელმაც აკადემიის დამთავრების შემდეგ, გერმანიის გაცვლითი პროგრამის სტიპენდია მოიპოვა. როგორც ამბობს, პროგრამა შტუდგარდში სახელმწიფო სამხატვრო აკდემიაში სწავლას მოიცავდა.
"იქ ცხოვრებამ და სწავლამ 2 წელი მომიწია, რამაც რადიკალური გავლენა მოახდინა ჩემზე. მთლიანად შემეცვლა მხატვრობის მიმართ დამოკიდებულება. მეორე წელს ჩემი ნამუშევრებით გალერეებიც დაინტერესდნენ. ბერლინში, მიუნხენში, ჰაიდელბერგში, შტუდგარდში საუკეთესო გალერეებში მქონდა გამოფენები და ამის საფუძველზე გერმანიაში 4 წელი დავრჩი. ვმუშაობდი და ვცხოვრობდი იქ. მოკლედ, იყო ბევრი საგამოფენო სივრცე, ჯგუფური გამოფენები“, - გვიყვება სალომე, რომელიც 2016 წელს საქართველოში დაბრუნდა.
"მეგონა, ჩემს პროფესიაში ცვლილებები ისევ იქნებოდა, თუმცა 2020 წლამდე აქტიურად ვმუშაობდი, რაიმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ის იყო, რომ სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში გამოიფინა ჩემი ნამუშევრები და იმ პერიოდში უფრო რთული ნამუშევრების ინსპირაცია მქონდა...
თუმცა 2016 წელს იყო ასე ეპიზოდიც, როცა ნიუ-იორკში რეზიდენტურაში ვსწავლობდი, რაც 5 თვე იქ გალერეაში მუშაობას მოიცავდა. ამერიკაში მივხვდი, რომ სხვა მასშტაბია და ხელოვნება სხვა სიმაღლეზეა", - გვიყვება რესპონდენტი, რომელიც ამერიკაში სასწავლებლად პანდემიის დროს, მკაცრი "ლოკდაუნის" პერიოდში ჩავიდა.
"იმ დროს დიდი რისკი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნიუ-იორკში ერთ-ერთ საუკეთესო სამხატვრო აკადემიაში მესწავლა - თანამედრივე ხელოვნების პრესტიჟულ აკადემიაში.
მანამდე კი იქ მოსახვედრად აპლიკაცია გავაკეთე და გავაგზავნე. 2020 წლის 14 თებერვალს აკადემიიდან პასუხი მივიღე, რომ სტუდენტი გავხდი. გამიხარდა. მომცეს სტიპენდია, რომელიც სწავლის საფასურს მიფარავდა, რაც დიდი სტიმული იყო.
ამასთან, პანდემიის პირველი ეტაპი ამერიკაში საკმაოდ მძიმე იყო, სრული "ლოკდაუნი" გახლდათ. მოკლედ, წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მინდოდა,საკუთარი თავი გამომეცადა.
ეს არ იყო ონლაინსწავლება, ლექციებზე ფიზიკურად უნდა მევლო. წელს უკვე ვამთავრებ, დიპლომს ვიცავ“ - გვეუბნება სალომე.
- ამერიკაში აპირებთ დარჩენას?
- სურვილი მაქვს, თუმცა ვნახოთ, ჯერ ვფიქრობ...
- გერმანიამ, როგორც აღნიშნეთ, რაღაც ახალი ფანჯარა გახსნა თქვენს ცხოვრებაში, ამერიკამ რა მოგცათ?
- ყველა ქვეყანამ მომცა დიდი ცოდნა - პირველი ეს იყო საქართველო, სადაც ამ კუთხით ნაბიჯები გადავდგი, მერე იყო გერმანია და შემდეგ - ამერიკა. პირველივე დღეს, პირველივე თვეს და წელს აკადემიაში შესვლის შემდეგ, როცა ჩემს პროექტებზე დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი.
აქ ყოველ წუთს რაღაც ხდება, ცვლილება და განვითარებაა. ეს ყველა სფეროს ეხება. აქ, შეიძლება ითქვას, რომ არავინ იძინებს და აქტიურად მოძრაობს. ხელოვნებაში არის საოცარი მასშტაბი, განვითარების მაღალი საფეხური და არის დიდი კონკურენცია. როდესაც მხატვარი ამ გარემოში, სივრცეში ექცევი, ხვდები, რომ შენც წინ უნდა წახვიდე და იწყება შენი პროფესიული ზრდა. ეს ხელს გიწყობს იმაში, რომ შექმნა ახალი და ტექნიკურად გამართული ნამუშევრები. იზრუნო იმაზე, რომ კომპოზიცია იყოს გამართული.
ახლა მარტ-აპრილში საინტერესო საგამოფენო სივრცეებში იგეგმება ჯგუფური გამოფენები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სამომავლოდ კი, თუ აქ დავრჩები, უკვე პერსონალურ გამოფენაზე დავიწყებ ფიქრს.
- პანდემიის პერიოდში როგორი აღმოჩნდა ცხოვრება ამერიკაში?
- პიკი იყო რომ ჩავედი... 2016 წელს როცა პირველად ვიფრინე აქეთ, აეროპორტში უზარმაზარი რიგი იყო, სადაც ხალხი საათობით იდგა. 2020 წელს რომ ჩავედი, აეროპორტი ცარიელი დამხვდა. ეს იყო პირველი შიშის მომენტი...
სტუდენტური ვიზით ჩამოვედი, სრული ლოკდაუნის გამო ბევრი რამ, მათ შორის, ტურიზმი გაჩერებული იყო. ვნახე, როგორი ჩაკლული იყო ქალაქი, ხალხი ერთმანეთს დისტანციურად ეკონტაქტებოდა, მაგრამ სწავლა ჩვეულებრივად დამეწყო და აკადემიაში დავდიოდი. ვირუსისგან თავს უზომოდ ვიცავდით - გვეკეთა ნიღაბი, სადეზინფექციო ხსნარით ხელებს სულ ვიმუშავებდით და ყოველი კვირის ბოლოს "პისიარ ტესტს“ ვიკეთებდით. სხვა შემთხვევაში ლექციაზე არ დაგვიშვებდნენ. ასეთი ცხოვრება იანვრამდე გაგრძელდა. საოცრად მოწესრიგებულები ვიყავით. ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, თავი დაეცვათ, მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ავლენდნენ. ახლაც ასეა, ქუჩაშიც კი ნიღბის გარეშე არ დადიან.
2021 წლის იანვარში უკვე ვაქცინაცია დაიწყო. დღეს ნიუ-იორკი ვირუსთან ინტეგრირებულად ცხოვრობს. გაიხსნა მუზეუმები, თეატრები, ყველაფერმა განაახლა მუშაობა. დაინფიცირების შიში აქვთ, მაგრამ ვირუსისგან თავს იცავენ. გარე სივრცეებში პირბადის გაკეთების ვალდებულება არ არის, მაგრამ ყველას უკეთია. თითზე ჩამოსათვლელად შეგხვდებათ ვინმე, ვისაც ნიღაბი არ უკეთია.
- თქვენი ბიოგრაფიის ეტაპებს რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, თავის დროზე დედას რომ არ ეაქტიურა და ხელი არ შეეწყო თქვენთვის, ასეთი წინსვლა პროფესიაში გექნებოდათ?
- დედა თავიდანვე მიხვდა, რომ მქონდა ხატვის მიმართულებით გარკვეული მონაცემები და ამ სფეროთი შეიძლებოდა ჩემი დაინტერესება, თუმცა ეს ყველაფერი ურთულეს პერიოდში მოხდა, დევნილი ოჯახი ვიყავით, მერე დედაქალაქში და საერთოდ ქვეყანაში უმძიმესი პერიოდი იყო. 90-იან წლებში მოგეხსენებათ, რა ვითარებაც იყო. ვცხოვრობდით გარეუბანში, ნიჭიერთა ათწლედის სამხატვრო სკოლა კი ათონელის ქუჩაზე იყო. მახსოვს, დედას როგორ დავყავდი იქ და მეცადინეობის დასრულებამდე ხშირად სიცივეში გარეთ იდგა და მელოდებოდა. კი, ნიჭი აუცილებელია, მაგრამ გარდა ამისა, საჭიროა ბევრი შრომა და არა მარტო მხატვრობაში.
- დღეს ნიუ-იორკში ხართ... ალბათ, გახსენდებათ ულამაზესი გაგრა, თქვენი სახლი. როგორ არის ის თქვენს მეხსიერაბში აღბეჭდილი?
- გაგრისადმი და აფხაზეთისადმი სიყვარული მშობლებისგან განსაკუთრებულად მაქვს. მძაფრად მახსოვს ჩვენი იქიდან გადმოსვლის დღე, როცა ერთ დილას სახლის სწრაფად დატოვებამ მოგვიწია. მახსოვს საძინებელი ოთახი, ღია კარადები და გადმოყრილი უჯრები - ეს ჩემს გონებაში ყველაზე მძაფრი ეპიზოდია. ბოლოს ყველა ოთახი შემოვიარეთ, დავათვლიერეთ. მეხსიერებაში მკაფიოდ დამრჩა ოთახების განლაგება. ძალიან სწრაფად მოგვიწია გადმოსვლა.
ეს იყო ურთულესი გზა, რომელიც ოდესმე გამივლია. იმდენად მძაფრი იყო, რომ ალბათ, დედამ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაელემაზებინა და ხატვაზე მიმიყვანა. თუმცა მაშინ დედაქალაქიც ვერ ცხოვრობდა ლაღად და პრობლემების გარეშე.
- ე.ი. სწორი გადაწყვეტილება იყო, ამერიკაში სასწავლებლად წასვლა...
- დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე ჩემი, როგორც მხატვრის განვითარებისთვის. გარდა ამისა, აქ საშუალება მეძლევა, როგორც ხელოვანი გავიზარდო. ადამიანს გიხარია, რომ დროს უაზროდ არ კარგავ. ამ ქვეყანაში შრომას აფასებენ, საქმეში რაც უფრო მაქიმალურ შრომას ვდებ, მასქიმალურს ვიღებ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ ხდება. იმდენად მატერიალრი პრობლემებითაა ყველა და ყველაფერი მოცული, იმდენი სერიოზლი პრობლემაა ქვეყანაში, რომ ვინმეს ხელოვნებაზე აზრი მოახვიო და დააინტერესო, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არადა, დღეს ხელოვანს მეტად სჭირდება ქვეყნისგან მხარდაჭერა, სტიმული.