პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, რათა დაედასტურებინა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების ე.წ. "აღიარების" შესახებ.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილება, ე.წ. დონეკციკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის” აღიარების შესახებ" - აცხადებენ თეთრ სახლში.
მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკის დაგეგმილ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
"მან პრეზიდენტ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია შეერთებული შტატების პასუხის შესახებ, მათ შორის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული გეგმის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უპასუხებს სწრაფად და გადამწყვეტად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,“- აღნიშნულია განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას "ტვიტერზე" ეხმაურება.
"აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროპული სანქციები“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით შეშფოთებულია გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც. ის აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.
"გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა და გაეროს წესდების პრინციპებს არ შეესაბამება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“- ნათქვამია განცხადებაში.
ანტონიო გუტერეში ყველას მოუწოდებს, პრიორიტეტი პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტას მიანიჭონ.
"გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა შესაბამის აქტორს, კონცენტრაცია მოახდინონ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაზე, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება და განცხადება, რომელმაც, შეიძლება, კიდევ უფრო გაამძაფროს სახიფათო სიტუაცია უკრაინასა და მის ირგვლივ და პრიორიტეტი ყველა პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტას მიანიჭონ,“- ნათქვამია განცხადებაში.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ დაგმო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება და აღნიშნულს უწოდა "სერიოზულ საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის".
მისი თქმით, კანადა და მისი მოკავშირეები "მტკიცედ რეაგირებენ საერთაშორისო სამართლის ამ აშკარა უგულებელყოფაზე" და ემზადება ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის - განცალკევებულად იმ სანქციებისგან, რომლებიც დაწესდება უკრაინაში "ნებისმიერი სამხედრო შეჭრის" შემთხვევაში.
"კანადა მტკიცეა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, - ამბობს ის.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს და აცხადებს, რომ ტოკიო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დაწესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინაციას გეგმავს.
"რუსეთის ეს ქმედება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ჩვენი ქვეყანა დააკვირდება სიტუაციას და შეუერთდება "დიდი შვიდეულისა" და საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ რეაგირებას, რომელიც სანქციებს მოიცავს,“- განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, უკრაინაში იაპონიის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იაპონიის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა მოუწოდა რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური და პოლიტიკური მოგვარების გზას მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.
"პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ დღევანდელი აღიარება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და სერიოზული დარტყმა ყველა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური მოგვარებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბერბოკი აღნიშნავს, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა, რასაც გერმანია მკაცრად გმობს.
"ჩვენ ვუპასუხებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ ამას კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა ბურბოკმა.
"მოვუწოდებთ რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური და პოლიტიკური მოგვარების გზას მინსკის შეთანხმებების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, აღმოფხვრას სამხედრო საფრთხეები უკრაინის საზღვარზე", - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატის თქმით, გაერთიანებული სამეფო მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს.
„ეს ნაბიჯი წარმოადგენს შემდგომ თავდასხმას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, მიანიშნებს მინსკის პროცესის დასრულებაზე და არის გაეროს წესდების დარღვევა. ეს მეტყველებს რუსეთის გადაწყვეტილებაზე, აირჩიოს კონფრონტაციის გზა დიალოგის ნაცვლად“, - აღნიშნულია ტრასის განცხადებაში.
მისი თქმით, ისინი არ დაუშვებენ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის დაუსჯელობას.
„კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს პასუხს მოკავშირეებთან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაუსჯელი დარჩეს“, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარიზ პეინის განცხადებით, ავსტრალია უკრაინის ქალაქ ლვოვში "გაზრდილი საფრთხის გამო“ საელჩოს დროებით ხურავს. განცხადებაში პეინმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის მთავრობამ ავსტრალიელ ოფიციალურ პირებს და მოქალაქეებს უკრაინის „დაუყოვნებლივი“ დატოვებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პოლონეთსა და რუმინეთში განლაგდებიან ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ავსტრალიელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარებიან.
მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი. მისი თქმით, ავსტრალიის მთავრობა მჭიდროდ კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს სხვა მთავრობებთან, რათა „უზრუნველყოს რუსეთის აგრესია სერიოზული საფსურით“.
"ავსტრალია მზადაა გამოაცხადოს სწრაფი და მკაცრი სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის ძირითად პირებსა და სუბიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე", - დასძინა მან.