ავტორი:

პირველი სასკოლო Start-up მარათონი საქართველოში - ალტე უნივერსიტეტის ახალი პროექტი ანტრეპრენერული უნარების განვითარებისთვის

პირველი სასკოლო Start-up მარათონი საქართველოში - ალტე უნივერსიტეტის ახალი პროექტი ანტრეპრენერული უნარების განვითარებისთვის

ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით მოსწავლეებისთვის პირველი მასშტაბური Start-up მარათონი იწყება, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საქართველოს მასშტაბით განსხვავებული იდეების მქონე მოსწავლეების (მე-10, მე-11 და მე-12 კლასის) აღმოჩენასა და მათი ბიზნეს იდეების რეალიზებას.

პროექტის მეგობარია თიბისის პროგრამა სტარტაპერი და თიბისი Z. ამასთან, ის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება. მარათონის პარტნიორია ისრაელის საელჩო, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia და ონლაინ გამოცემა „ახალი განათლება“.

Start-up მარათონის გამარჯვებულები შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდებიან:

  • სწავლის დაფინანსებისა და ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან;
  • 5000-ლარიანი ჯილდო გამარჯვებული გუნდისთვის თიბისი Z-სა და სტარტაპერისგან;
  • განსაკუთრებული პრიზი რჩეულ გუნდს ისრაელის საელჩოსგან;
  • ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში დახმარება GITA-სგან;
  • ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟის მეშვეობით ბიზნეს იდეის განვითარების ხელშეწყობა;
  • რჩეული გუნდის რეკლამირება Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე;

პროექტის პირველი ეტაპი 28 თებერვლამდე გაგრძელდება, მეორე ჩატარდება 1- 7 მარტს, მესამე 7-20 მარტს, ხოლო მეოთხე - 20 მარტიდან 5 აპრილამდე. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მარათონში 20-ზე მეტი გუნდია რეგისტრირებული.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული ფორმა

საინტერესოა, კონკრეტულად რას მოიცავს მარათონი, რა შესაძლებლობები ექნებათ მოსწავლეებს მის ფარგლებში და რა როლი ექნება კონკურსს ანტრეპრენერული უნარების განვითარებაში? აღნიშნულ საკითხებზე ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელს თეონა დალაქიშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც განათლების სფეროში მუშაობის 12-წლიანი, ხოლო კონკრეტულად სტარტაპების განვითარების კუთხით 6-წლიანი გამოცდილება აქვს.

- როგორ გაჩნდა Start-up მარათონის შექმნის იდეა და რა მიზანს ისახავს ის?

- ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, რისთვისაც უპირველესად უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები. ამ პროცესში გარკვევა დაეხმარებათ მათ ანტრეპრენერული უნარების განვითარებასა და სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივებაში. ამ მიმართულებით, ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროექტია სასკოლო სტარტაპ მარათონი, რადგან ვფიქრობთ, რომ სკოლაში სწავლის ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა იდეების რეალობად ქცევის პერსპექტივა დაინახონ. ეს სწორედ ის ასაკია, როცა მოსწავლეები იწყებენ ფიქრს საკუთარ მომავალზე, პროფესიის არჩევაზე, ჩვენ კი მათ თავიანთი თავებისა და ახალი იდეების აღმოჩენაში უნდა დავეხმაროთ.

სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, სკოლის მოსწავლეებისთვის გაგვეკეთებინა პირველი მასშტაბური სტარტაპ მარათონი, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავდა.

- რატომ არის ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მოსწავლეების ხელშეწყობა და მათი ანტრეპრენერული უნარების განვითარება?

- ზოგადად, სტარტაპ და ანტრეპრენერული უნარები არის საბაზისო კომპეტენციები, რომლებიც სკოლის ბაზაზე უნდა ვითარდებოდეს, რათა ახალგაზრდებმა შემდგომ პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ზოგადად, საქართველოში გაიზარდოს მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტების რაოდენობა, განსაკუთრებით აღნიშნული მიმართულებით, რისთვისაც საჭიროა მუშაობა სწორედ სკოლებიდან დავიწყოთ. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტობის დროს აღნიშნულ საკითხებზე საბაზისო დონეზე მუშაობა გარკვეულწილად დაგვიანებულიც კია. ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მე-10, მე-11, მე-12 კლასი და ეს არის ზუსტად ის ასაკი, როცა ბავშვები იწყებენ ფიქრს საკუთარ მომავალზე, პროფესიის არჩევაზე, ჩვენ კი თავიანთი თავებისა და ახალი იდეების აღმოჩენაში უნდა დავეხმაროთ.

- როგორ შეუწყობთ ხელს მათ სამომავლოდ? რამდენად მაღალია ინტერესი მოსწავლეების მხრიდან და რა განაპირობებს ამას?

- ინტერესი საკმაოდ მაღალია, ჯერ ერთი კვირაა, რაც მარათონის შესახებ გამოვაცხადეთ და უკვე 20 გუნდია რეგისტრირებული და არ წყდება ზარები როგორც მასწავლებლების, ისე თვითონ სკოლის მოსწავლეების მხრიდან. ვაპირებთ, სტარტაპ მარათონი ყოველწლიურად განვახორციელოთ. ასევე, ვაპირებთ, აქტიურ მოსწავლეებთან და სკოლებთან გავაგრძელოთ ურთიერთობა ამ მარათონს მიღმა და სხვადასხვა პროექტი დავგეგმოთ. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტარტაპ მარათონს ახლავს საგანმანათლებლო ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, უფრო კონკრეტულად კი მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები გაივლიან მომზადების კურსს და ეყოლებათ მენტორები, იდეების ბიზნეს ხედვად ქცევასა და პრეზენტაციების მომზადებაში დაეხმარებიან. მინდა, ყველა მონაწილეს ახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებენ თუ არა, მათი იდეები გახდება უფრო ხელშესახები და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ძალიან მარტივად შეძლებენ, დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ.

- როგორია თქვენი მოლოდინი მოსწავლეთა Start-up იდეების მიმართ?

- ჩვენი მოლოდინი და სურვილია, მათ მიერ მოფიქრებული ბიზნეს იდეები იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, რეალისტური და განხორციელებადი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი მომდინარეობდეს არსებული საჭიროებებიდან და ასევე, კარგად მოხდეს აღნიშნული საჭიროებების დასაბუთება.

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს მონაწილეებს ექნებათ დიდი მოტივაცია, აღნიშნული იდეები რეალურ პროდუქტად აქციონ.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ მარათონში მონაწილეობის მიღების მსურველ მოსწავლეებს?

- მათ ძალიან კარგად უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ეს იდეა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ის უნდა წარმოადგინონ ძალიან გრძელი ტექსტებით, უბრალოდ მნიშვნელოვანია, ჩანდეს ზუსტად რისი გაკეთება უნდათ და კარგად გაიაზრონ, რა რესურსი სჭირდებათ. ასევე, მონაწილეებმა კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც ამას მოჰყვება, რადგან თუ ისინი შემდეგ ეტაპზე გადავლენ და მხარდაჭერის მიღებას შეძლებენ, მათ თავიანთი იდეები უნდა განახორციელონ, საკმაოდ აქტიური ჩართულობა დასჭირდება.

- და ბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორმა თაობა Z-ში ანტრეპრენერული უნარების განვითარებისთვის ითანამშრომლონ და რა შედეგს მოიტანს ეს?

თუ ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობა და კოორდინირება არ მოხდება, ეს სფერო ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა აქტიურად განახორციელოს სხვადასხვა პროექტი, ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რათა პოზიტიური შედეგები მივიღოთ.

GITA არის ამ სექტორის წამყვანი საჯარო ორგანიზაცია, რომელსაც Start-up ეკოსისტემის განვითარებაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული და ვფიქრობ, თუ ამ პროცესში მასთან ერთად კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთვება, წარმატებას მივაღწევთ.

(R)