მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის, რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მის გვერდზე გავრცელდა.
"ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.
გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!“ - აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს გუშინ უპასუხა, სადაც სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდა, გრიფით „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ აღნიშნა, თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია, რადგან ამ დოკუმენტებზე წვდომა, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს.