ავტორი:

ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

"რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ტერორისტული ჯგუფები, არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინება და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ჩვენი პარტნიორებისგან, მკაცრი სანქციების დაწესების ჩათვლით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს არის აგრესიის ახალი აქტი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიის განსახორციელებლად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც.

"რუსეთის ესკალაცია უკრაინის ირგვლივ უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები.

"შევთანხმდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი აქტის გამო, საჭიროა დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს "ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სრულ შეჩერებას. გარდა ამისა, დღეს უკრაინას, როგორც არასდროს ისე სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა თავდაცვის შესაძლებლობებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის, ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.