ავტორი:

"მიუხედავად დიდი მომავლისა, კინოს არ გაჰყვა... ამერიკაში წავიდა" - "ოთარაანთ ქვრივიდან" ვაშინგტონის უნივერსიტეტამდე და ულამაზესი "კესოს" დღევანდელობა

"მიუხედავად დიდი მომავლისა, კინოს არ გაჰყვა... ამერიკაში წავიდა" - "ოთარაანთ ქვრივიდან" ვაშინგტონის უნივერსიტეტამდე და ულამაზესი "კესოს" დღევანდელობა

ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე მრავალი წელია ქართულ კინოზე და ქართველ მსახიობებზე კვლევებს აწარმოებს. ამჯერად იგი არაპროფესიონალ მსახიობზე დინარა ჟორჟოლიანზე გვიამბობს, რომელიც ყველას კესოს როლით დაამახსოვრდა, ფილმიდან "ოთარაანთ ქვრივი"...

- სოფიკო ჭიაურელი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში იხსენებდა, თუ როგორ სურდა მიხეილ ჭიაურელს სოფიკოს გადაღება ფილმში "ოთარაანთ ქვრივი", თავადის ასულის კესოს როლში. მოგვიანებით დიდმა რეჟისორმა გადაწყვეტილება შეცვალა ( სავარაუდოდ, სოფიკოს ფეხმძიმობის გამო) და კესოს როლზე არაპროფესიონალი მსახიობი დინარა ჟორჟოლიანი (ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ქალიშვილი) აიყვანა... ასე შემოვიდა ქართულ კინოში კიდევ ერთი ნამდვილი, ქართული სილამაზე, რომელიც დღემდე ხიბლავს მაყურებელს.

დინარა ჟორჟოლიანი ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მოღვაწეობდა ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში – ასწავლიდა რუსულ ენას და ლინგვისტიკას, გულშემატკივრობდა ბარაკ ობამას. 1990 წელს გაცვლითი პროგრამით, ერთი წლით წავიდა ამერიკაში, სიეტლის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ ის ერთი წელი დღემდე გრძელდება და როგორც მისი ქალიშვილი ამბობს, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს. 5 მარტს 88 წლის გახდა.

დინარა ჟორჟოლიანი წლების წინ და ახლა

დინარა ჟორჟოლიანი ასევე გადაღებულია ფილმებში - "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "პიერი-მილიციის თანამშრომელი", "ერთი მოთხრობის ფინალი", "მე დავბრუნდები".

კინომცოდნე ლელა ოჩიაური:

- დინარა ჟორჟოლიანი მართლაც ულამაზესი იყო და როდესაც ფილმში "ოთარაანთ ქვრივი" გამოჩნდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწორედ სილამაზით მიიქცია მაყურებლის ყურადღება... ეს ის პერიოდია, როდესაც გააქტიურდა კინოში არაპროფესიონალი მსახიობების მიწვევის ტენდენცია. ისინი, უპირველესად, ფაქტურის, გარეგნობის მიხედვით ირჩეოდნენ. ცოტა მოგვიანებით, 60-იან წლებში უკვე ტიპაჟების მიხედვით...

დინარა ჟორჟოლიანი და გიორგი შენგელაია - ფილმი "ოთარაანთ ქვრივი"

50-იანი წლებში, ცხადია, უკვე არსებობდა ქართული სამსახიობო სკოლა. თეატრისა და კინოს ქართველ მსახიობებს უმაღლეს სასწავლებლებში, თეატრალურ ინსტიტუტში პროფესიონალური განათლება ჰქონდათ მიღებული და მათ დიდ ნაწილს საზოგადოება კარგად ცნობდა.

სწორედ ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად, რომ ეკრანზე ახალი სახეები, ხშირად, არაპროფესიონალები გამოჩნდნენ, მაყურებლისთვის უცნობი და ამითაც საინტერესო, რომლებიც არ ასოცირდებოდნენ, არ იგივდებოდნენ გარკვეული ტიპის და ხასიათის როლებთან. ეს ძალაუნებურად, საზოგადოების აღქმასა და წარმოდგენებში მსახიობს შტამპავს და ჩარჩოებში აქცევს.

ერთ-ერთია ულამაზესი დინარა ჟორჟოლიანი. ის მხოლოდ გარეგნულად არ იყო ლამაზი. შინაგანი სამყაროც ულამაზესი ჰქონდა. ბევრისგან გამიგია, მათ შორის, ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდნენ, რომ დინარა ჟორჟოლიანი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, საუკეთესო პიროვნული თვისებებით, მაღალი კლასის პედაგოგი და ცხადია, რომ არატიპური გარეგნობა, შინაგანი სამყაროს, კეთილშობილების სახეზე ანაბეჭდი, რეჟისორებისთვის ძალიან მიმზიდველი იყო.

ბორის ანდრონიკაშვილი და დინარა ჟორჟოლიანი (არჩილი და კესო) - ფილმი "ოთარაანთ ქვრივი"

დინარა ჟორჟოლიანმა მისთვის პირველ ფილმში "ოთარაანთ ქვრივი", ქართულ ლიტერატურაში გამორჩეული პერსონაჟის, კესოს როლი შეასრულა... სხვათა შორის, ეს პირველი ფილმია, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა საქართველოში, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ გადაიღო კინოში დიდი ხნის პაუზის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან "ოთარაანთ ქვრივით" კიდევ ერთი ახალი პერიოდი იწყება მიხეილ ჭიაურელის შემოქმედებაში.

ილია ჭავჭავაძის ეს ნაწარმოები სიმბოლური, მთლიანად მეტაფორულია. ეს ხომ არაა კონკრეტული ისტორია "ხიდჩატეხილობაზე", როგორც ადრე ასწავლიდნენ. ნაწარმოებში ბევრად ღრმა და მრავალშრიანი იდეაა და ფილმში არის ამ ყველაფრის ფარული ასახვის მცდელობა. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ 1957 წელია და ხელოვანი ჯერ კიდევ არც თუ ისე თავისუფალია, ჯერ კიდევ შეზღუდულია, თქვას და აჩვენოს, რასაც ფიქრობს, გრძნობს და განიცდის. და, მაინც, აშკარაა, რომ ფილმის საერთო ხაზსა და თითოეულ პერსონაჟში, საქართველო და მისი ბედ-იღბალი ალეგორიულად იგულისხმება.

- როგორც ითქვა, მიხეილ ჭიაურელს ამ როლზე სოფიკო ჭიაურელის გადაღება სურდა, მაგრამ სოფიკოს ფეხმძიმობამ შეუშალა ხელი...

- ეს ამბავი არ ვიცოდი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ასეც ყოფილიყო. მიხეილ ჭიაურელს ძალიან უყვარდა თავისი საყვარელი, ლამაზი და ნიჭიერი ქალიშვილის გადაღება. სოფიკო ჭიაურელი მიხეილ ჭიაურელის რამდენიმე ფილმში არის კიდევაც მთავარი როლის შემსრულებელი.

- ალბათ კესოს როლს დიანარა ჟორჟოლიანის სინაზე უფრო მოუხდა...

- სრულიად გეთანხმებით... იმ პერიოდის სოფიკო რეზო ჩხეიძის ფილმიდან "ჩვენი ეზო" - ახტაჯანა ციცინოს როლით გაიცნო, დაიმახსოვრა და შეიყვარა მაყურებელმა... იმის მიუხედავად, რომ სოფიკო ჭიაურელს ძალიან დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობა ჰქონდა, დინარა ჟორჟოლიანის კესო ბევრად ნაზი, ანგელოზის გარეგნობისაა. ამ გმირს სწორედ ასეთი ფაქტურის ახალგაზრდა ქალი მიესადაგა, სინაზით, ნაკვთების სირბილითა და არამიწიერებით გამორჩეული.

თუმცა, დინარა ჟორჟოლიანის პოპულარობის მიზეზი მხოლოდ გამორჩეული და უცხო გარეგნობა არ იყო. ის საინტერესოდ მუშაობს, როგორც მსახიობი (როგორც ჩანს, მამის უნიჭიერეს არტისტ სანდრო ჟორჟოლიანის გენეტიკამ იჩინა თავი), ქმნის პერსონაჟის ხასიათს, სახეს, ზუსტი შტრიხებით ხატავს არისტოკრატი ქალის ამგვარ ტიპს, ადამიანურს, გულისხმიერსა და თან მიუწვდომელს. ამისთვის კი ბევრ გრადაციას იყენებს და ემოციის ცვალებადობას დამაჯერებლად ასახავს.

ვერ ვიტყოდით რომ ასეთივე წარმატებულია შემდეგ ფილმში "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"... რასაკვირველია, ამ ეპიზოდურ როლშიც ძალიან ლამაზია, ისევე, როგორც, უკვე 1965 წელს გადაღებულ ფილმში, "პიერი, მილიციის თანამშრომელი", მაგრამ, როგორც მსახიობის ნამუშევარი, რაიმე განსაკუთრებული მიგნებებით ნაკლებად გამოირჩევა.

კადრი ფილმიდან "დღე პირველი, დღე უკანასკნელი"

უნდა გავითვალისწინოთ, რომ 50-60-იან წლებში, ქართული კინოს აღმავლობისა და აღორძინების მიუხედავად, კვლავ გრძელდება ყალბი, პათეტიკური, გულწრფელობას მოკლებული ფილმების გადაღებაც, რომლებიც, მართალია, თანამედროვეების გემოვნებასაც აკმაყოფილებდნენ და კინოს წინაშე არსებულ მოთხოვნებსაც ესადაგებოდენ, მაგრამ მხატვრული ღირებულებებით, ვერ "დაიკვეხნიდნენ".

იმის მიუხედავად, რომ კესოს როლის წარმატებული იყო, მისი შესრულება დიდ რეჟისორთან, დიდი არტისტების გვერდით, პატივიც იყო ახალგაზრდა მსახიობისთვის და წარმატებული სამსახიობო კარიერის საფუძვლადაც შეიძლება ქცეულიყო, დინარა ჟორჟოლიანი კინოს არ გაჰყვა. სხვა პროფესია აირჩია და საუკეთესო პედაგოგი, საუკეთესო ლინგვისტი და საქართველოში ინგლისური ენის საუკეთესო სპეციალისტი გახდა.