ავტორი:

იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს უწესებენ

იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს უწესებენ

იაპონია და კანადა რუსეთს უკრაინაში მისი ქმედებების გამო სანქციებს უწესებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ სანქციები ითვალისწინებს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

"რუსეთის ქმედებები აშკარად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ განხილვებს", - თქვა მან. „სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და გავაგრძელებთ მასზე დაკვირვებას,”- აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

მისი თქმით, სანქციების დეტალები დამუშავდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

რაც შეეხება კანადის მიერ გამოცემულ სანქციებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, მისი მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" ლუგანსკთან და დონეცკთან.

კანადა ასევე აწესებს სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა.

"კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს,“- განაცხადა ტრუდომ.

კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით.

„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ტრუდომ.