აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
"გასულ კვირას დავთანხმდი შევხვედროდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმდინარე კვირაში, 24 თებერვალს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როცა ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა აშკარად აჩვენა დიპლომატიის უარყოფა, ამჯერად ამ შეხვედრას აზრი არ აქვს. კონსულტაცია მქონდა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ყველა თანხმდება. დღეს მე გავუგზავნე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, სადაც ვაცნობე ამის შესახებ", - განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა 24 თებერვალს ჟენევაში უნდა გამართულიყო .
ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმა, დასაწყისიდანვე, უკრაინაში შეჭრა იყო.
"ახლა, როცა ეს პირდაპირ პუტინისგან მოვისმინეთ, ეს ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ მას არ გაუგზავნია 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უწყინარი სამხედრო წვრთნებისთვის ან იმისთვის, რომ ეპასუხა უკრაინიდან მომავალი საფრთხის შემცველი აგრესიისთვის ან შეეჩერებინა გამოგონილი გენოციდი ან რაიმე სხვა შეთხზული მიზეზის გამო. პრეზიდენტ პუტინის გუშინდელმა ღრმად შემაშფოთებელმა გამოსვლამ და დღევანდელმა განცხადებებმა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახადა, როგორ უყურებს ის უკრაინას – არა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უფლებით, არამედ, როგორც რუსეთის ქმნილებას და შესაბამისად, რუსეთის მორჩილებაში მყოფს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, პუტინის რეალური მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა.
"მისი მიზანი რუსეთის იმპერიის, ან მოკლედ, გავლენის სფეროს აღდგენა და რუსეთის გარშემო მყოფი ქვეყნების სრული ნეიტრალიტეტია. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მასშტაბური საფრთხეა“, – განაცხადა ბლინკენმა.