ავტორი:

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების გამრავლებისა და კომერციული მიზნით მოშენებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების გამრავლებისა და კომერციული მიზნით მოშენებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო

"თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე - "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა.

"კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი არის ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება, მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით - სტერილიზაცია/კასტრაციის გზით. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით ეფექტიანად მუშაობს და ყოველწლიურად ზრდის სტერილიზაციის ოპერაციების რაოდენობას. მაგალითად, გასულ წელს, სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება. დღეს არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა. კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს. აღნიშნული მექანიზმით, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა. ასევე, აქტუალურია ცხოველების ბაზრობების საკითხი, სადაც საკმაოდ ხშირად დარღვეულია მათი მოვლა-პატრონობის წესები, არარეგისტრირებული ან/და დაავადებული ცხოველების რეალიზაცია. ამიტომ, კანონპროექტში გათვალისწინებულია ცხოველთა ბაზრობების კონტროლის მექანიზმები და განსაზღვრულია მათი ვალდებულებები. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს და მიჯნავს კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებსა და პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის ჩადენის შემთხვევაში, დადგება სამართალდამრღვევი პირის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვის საკითხები. ჩვენ მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ და ვითანამშრომლოთ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტთან, ამ სფეროში არსებული გამოწვევების ჰუმანურად და ეფექტიანად დასაძლევად“, - განაცხადა კალაძემ.