ავტორი:

ვისთვის "წარმოუდგენელი საძაგლობა“ და ვისთვის "სწორი გადაწყვეტილება“: რას ამბობენ კულტურის რუსი მოღვაწეები ე.წ. დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების "აღიარებაზე“?

ვისთვის "წარმოუდგენელი საძაგლობა“ და ვისთვის "სწორი გადაწყვეტილება“: რას ამბობენ კულტურის რუსი მოღვაწეები ე.წ. დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების "აღიარებაზე“?
  • ფოტოკოლაჟზე: ირინა პროხოროვა, მიხეილ ბოიარსკი, ლია ახეჯაკოვა

რუსეთის ხელისუფლების მიერ დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამ დავა გამოიწვია, როგორც რუსეთის რიგით მოქალაქეებში, ასევე პოპულარულ ადამიანებს შორისაც.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოჰკითხა კულტურის სფეროს ცნობილი ადამიანები, თუ როგორ შეხვდნენ ისინი დონბასის აღიარების ფაქტს და რა შთაბეჭდილება დაუტოვა მათ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ. სტატია გამოქვეყნებულია, სათაურით: "წარმოუდგენელი საძაგლობა“ და "გამართლებული გადაწყვეტილება“: რას ამბობენ კულტურის რუსი მოღვაწეები ე.წ. დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების "აღიარებაზე?"

გთავაზობთ კომენტარებს მცირე შემოკლებით:

ირინა პროხოროვა, ლიტერატურმცოდნე, გამომცემელი:

"ჩემთვის დონბასის ირგვლივ მიმდინარე ამბები იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მძიმე შედეგს იწვევს იმპერიული და გეოპოლიტიკური ფანტაზიები. რუსეთის ხელისუფლების მოქმედება უკრაინაში მცხოვრები ბევრი ადამიანისათვის უბედურების მომტანია. ასევეა ბევრი რუსი მოქალაქისთვისაც. პირადად ჩემთვის ეს არის რუსეთის ხელისუფლების საშინელი, საწყენი და სამარცხვინო გადაწყვეტილება“.

ვლადიმერ ბორტკო, კინორეჟისორი, უკრაინის და რუსეთის სახალხო არტისტი:

"მე დონბასის რესპუბლიკების აღიარებას არა მხოლოდ დადებითად ვაფასებ, არამედ ძალზე პოზიტიურად. არანაირი ეჭვი არ გამჩენია, ერთი წამითაც კი. უფრო მეტიც - ვთვლი, რომ დაგვიანებული ნაბიჯია, აღიარება უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩვენთვის ამას მძიმე შედეგები მოჰყვეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ჩემს წარმოდგენებში უკრაინის სახელმწიფო არსებობს, მაგრამ უკრაინელი ხალხი არა, რადგან უკრაინელები იგივე რუსები არიან. თქვენ თუ ჩემს ბიოგრაფიას გადახედავთ, მიხვდებით, რომ მე უფრო მეტი უფლება მაქვს ასე ვილაპარაკო, ვიდრე უკრაინის მთავრობის წევრებს. მიმაჩნია, რომ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მხოლოდ "მშვიდობის იძულების“ გზით შეიძლება“.

ლიუდმილა ულიცკაია, მწერალი:

"სრულიად დაბნეული ვარ. უბრალოდ მივიჩნევ, რომ ასეთი ნაბიჯი სახიფათოა მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის. შედეგები ძალიან ცუდი იქნება!“.

კარენ შახნაზაროვი, კინორეჟისორი, რუსეთის სახალხო არტისტი:

"აშკარაა, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ამ საკითხის გადაჭრა აუცილებელი იყო, ის "ჰაერში დაკიდებული“ არ უნდა დარჩენილიყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გამართლებული გადაწყვეტილებაა. ერთსაც ვიტყვი: უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდა დრო და შესაძლებლობა მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად... რასაკვირველია, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს დასავლეთის სანქციები მოჰყვება, თუმცა მე ჯერჯერობით რაიმე კატასტროფულს ვერ ვხედავ. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული აღიარებით დასავლეთმა შვებით ამოისუნთქა. ისინი უფრო "შეჭრას“ ელოდნენ, რასაც ყოველდღიურად იტყობინებოდნენ, ამ გადაწყვეტილებამ (აღიარებამ) კი სიტუაცია დაასტაბილურა...“.

ლია ახეჯაკოვა, მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი:

"ჩვენ ვლადიმერ პუტინისაგან ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს გავეცანით, პუშილინთან (ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მეთაურთან) და "მოტოროლასთან“ (ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის საველე მეთაურთან, მეტსახელად "მოტოროლა“) ერთად. ეს მთელმა მსოფლიომაც მოისმინა. მე ვფიქრობ, რაღაც გამოუსწორებელი რამ მოხდა. ეს მთელი მსოფლიოსათვის ომის გამოცხადებას ჰგავს. დონბასის აღიარება წარმოუდგენელი საძაგლობაა. შედეგები საშინელი იქნება. როცა ქვეყნის მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობა და ეკონომიკის განვითარება კი არ არის, არამედ ვიღაც სამხედროების განზრახვის შესრულება, ეს საშინელებაა“.

მიხეილ ბოიარსკი, მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი:

"ვფიქრობ, რომ მშვიდობა დამყარდება. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ არანაირი ომი არ იყოს. დონბასის აღიარება იმის გარანტიაა, რომ ომი არ იქნება. ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ახლა მშვენიერი ფარი გვაქვს, რომელიც ბევრ ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ