ავტორი:

"მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი... იმედია, საქართველო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს" - კელი

"მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი... იმედია, საქართველო ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს" - კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორის, იან კელის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც ძნელია გამოცნობა, გადაწყვეტს თუ არა ვლადიმირ პუტინი კიევში ხელისუფლების დამხობას, „მან უკვე წარმოადგინა ამ ნაბიჯის რაციონალური მიზეზები“.

ამის შესახებ იან კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მთავრობის პოზიციაზე იან კელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი აშფოთებს.

"მე მაშფოთებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც გამოიყურება ისე, თითქოს ისინი ცდილობენ ასიამოვნონ, ან შეიძლება უნდა ვთქვა, არ მოახდინონ რუსეთის პროვოცირება: მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უკან გაბრუნება, ჩემი აზრით, ძალიან რეტროგრადულია და არ შეესაბამება დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნის ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უნდა დავინახოთ, როგორ უპასუხებს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ამ შიშველ აგრესიას და ამ ძალიან მუქარისშემცველ ენას რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, საქართველო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც მას დასავლური ტრაექტორიიდან გადაახვევინებს“, - ამბობს კელი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადება დიპლომატიის დასასრული და აგრესიის ახალი ეტაპის დასაწყისია.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა, მინსკის პროცესი მხარეებს დიპლომატიურ გამოსვლამდე მიიყვანდა, მასზე უარის თქმით, ეს გზა საბოლოოდ ჩაიკეტა. მეორე მხრივ კი, ყოფილი დიპლომატი ამბობს, ყველაზე შემაშფოთებელი, პუტინის ის ბოლო ხანგრძლივი გამოსვლა იყო, სადაც ის მაყურებელს სთავაზობდა გამართლებას პრაქტიკულად ყველა დონის აგრესიისთვის.

"ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ ვლადიმირ პუტინმა პრაქტიკულად სისტემურად წარმოადგინა ის მიზეზები, რატომაც არალეგიტიმურია არა მხოლოდ უკრაინული სახელმწიფო, არამედ ყველა ის სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში მოიპოვა და რომელთაც ის „ადმინისტრაციულ ერთეულებს“ უწოდებს. პუტინი ამბობს, რომ მათ მიერ სახელმწიფოებრიობის მოპოვება შეცდომა იყო“, - აცხადებს იან კელი.

მისივე თქმით, პუტინმა არსებითად თქვა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა.

„უფრო მეტად შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს იყო სიგნალი, რომ მას უფრო ღრმად სურს წასვლა. ამის ერთადერთი გზა - არის სამხედრო გზა. კიდევ ერთი საშიში სიგნალი იყო ასევე ცრუ მტკიცება მისი მხრიდან, რომ უკრაინის ახლანდელი მთავრობა არის საფრთხე, მან გამოიყენა ფრაზები „ამერიკის კოლონია“, „მარიონეტული რეჟიმი“. მან კიევი დაადანაშაულა ყირიმსა და რუსეთში ტერორისტული აქტების მოწყობაში, თქვა, რომ უკრაინაში ნატო საჰაერო ბაზების მოდერნიზებას ახდენს და ამის მიზანი ამერიკის მიერ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის განვითარებაში დახმარებაა. ეს სასაცილოა, მაგრამ ყველაზე შემაწუხებელიც“, - ამბობს იან კელი.