ავტორი:

"გადაწყდა, რომ ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა" - "ნაცმოძრაობა" 5 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

"გადაწყდა, რომ ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა" - "ნაცმოძრაობა" 5 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5 მარტს, 17:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა ნიკა მელიას თქმით, ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.

მელიას თქმით, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, მედიკოსების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისი გაყვანა მნიშვნელოვანია.

"გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმი, ცენტრი "ემპათია,“ უცხოელი ექიმები, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ერთხმად აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე მძიმდება, სამწუხაროდ არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.

ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა - პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია, არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრის, ამომრჩევლის მთავარი ცენტრალური საკითხი - ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს 17:00 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.