"კი, ეს ომია, თან ფართომასშტაბიანი და თუ დასავლეთში ვინმეს არ სჯეროდა, რომ პუტინი ამაზე წავიდოდა, მოუსმინოს უკრაინელებს, მათ სოციალურ ჩართვებს, ობიექტურ მედიას... კიევშიც ისმის დაბომბვის ხმები, ოდესაში რუსეთმა ჯარი გადმოსხა. ამის გარდა, იერიში მიიტანეს რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად, მათ შორის: ხარკოვზე, ჟიტომორზე, ლუგანსკზე, ჩერნიგოვოზე... რუსული ჯარი ქვეყანას უტევს რუსეთიდან და ბელარუსიდან. სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება. ხალხი კიევიდან მასობრივად არ გარბის, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს - ანუ მზად არიან ქვეყანა, თავიანთი ოჯახები დაიცვან. ჯერ კიდევ ბოლომდე არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვამბობ 21-ე საუკუნეში, რომ ჩემი ქვეყანა სარაკეტო შეტევის ქვეშ არის", - ამ სიტყვებით გადმოსცემს უკრაინაში არსებულ ვითარებას უკრაინელი სამხედრო-პოლიტიკურ მიმომხილველი იაროსლავ პილიპჩუკი.
მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა განგაშის, სარაკეტო იერიშების ხმები. რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს მსხვილკალიბრიანი იარაღიდანაც... საარტილერიო ხმა ისმოდა ბორისპოლის აეროპორტთანაც.
იაროსლავ პილიპჩუკი:
- პუტინმა სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა და ჩვენს სამხედროებს მოუწოდა იარაღი დაყარონ. რაც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი, გამორიცხული იყო. მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც, როდესაც მე და თქვენ ვსაუბრობთ, სპეციალური სირენების ხმები ისმის, დაბომბვები ამ ეტაპზე არ არის. თუმცა, გამთენიიდან რამდენიმე საათის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი არ წყდება. ბავშვები და ქალები გაჰყავთ, ოღონდ, არ ვიცი, სად, ყველგან, მთელ ქვეყანაში ომია. აქტიურად მუშაობენ რუსული დივერსიული ჯგუფები.
ადამიანების ნაწილი, ძირითადად მოხუცები, ქალები და ბავშვები მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სარდაფებს აფარებენ თავს. კაცები რჩებიან - ჩვენ წასასვლელი არ გვაქვს. მილიონობით უკრაინელთან ერთად, უკვე ჩავეწერე მოხალისეებში. რიგები არ წყდება. ბიჭები და გოგონები მოთმინებით დგანან და თავიანთ რიგს ელოდებიან. ვიცი, რომ ბელგოროდი ყველაზე მძიმე დღეშია, რადგან ხარკოვის ოლქი რუსეთის მოსაზღვრეა.
- დაღუპულებსა და დაშავებულებზე გავრცელდა ინფორმაცია?
- ჩვენი მედია, შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, რაც გარდაუვალი იყო. ზუსტი სტატისტიკა ალბათ რამდენიმე საათში იქნება. რუსეთი ახორციელებს შეტევას სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებზე. ეს არის ცალკეული რეგიონების კი არა, მთელი ქვეყნის ოკუპაციის მცდელობა, რომელიც არ გამოუვა. მაშინ მოსახლეობის უმეტესობა უნდა დახოცოს, უმეტესობა, რადგან არიან პრორუსული განწყობის მქონე უკრაინის მოქალაქეები, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2008 წელს საქართველოზე თავდასხმას. მე თვალს ვადევნებდი პროცესებს, მაშინაც ასე მოიქცა, რადგან ქვეყნის დამორჩილება სურდა. ახლაც იგივეს აკეთებს, არ უნდა დავნებდეთ, იმ პირობით, ოღონდ ომი არ იყოს, მაგრამ ომი იქნება და ჩვენ ვიბრძოლებთ.