ქართველი რეპერის ლექს-სენის მეუღლე წარმოშობით უკრაინიდან არის. ტატიანა ბურია უკვე წლებია, რაც საქართველოში ცხოვრობს. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ტატიანა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დედამისი საფრთხეშია და მის სამსახურში აფეთქება მოხდა.
ტატიანა:
- დედაჩემი საფრთხეშია. მის სამსახურში აფეთქება მოხდა. ბოლოს მასთან რომ ვილაპარაკე, პერსონალი სარდაფში იყო დამალული. ყველა ვინც პუტინის მხარეს ხართ, გისურვებთ ისე იყოთ ყოველთვის, როგორც ახლა მე ვარ.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამთენიისას განაცხადა, რომ დონბასში სამხედრო ოპერაციას იწყებს. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის. რუსული ჯარები ოდესაში დაეშვნენ და საზღვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში კვეთენ. არსებული ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.