საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "ტვიტერში" გამოეხმაურა. როგორც ის წერს, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
"ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით... სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ" - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქების ხმა ქალაქის აღმოსავლეთიდან ბორისპოლის აეროპორტის მიდამოებიდან ისმოდა.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
მათი ცნობით, ოდესის ოლქში, პოდოლსკიში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ასევე დაკარგულია 19 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლიში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებთან კონსულტაციებს განაგრძობს.
"მსოფლიო ჩვენთანაა. ვაგრძელებ მოლაპარაკებებს ლიდერებთან. მივიღე მხარდაჭერა კატარის ემირისგანაც“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.