ავტორი:

"უთხარით ყველას, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებს ამ ბოროტების გასანადგურებლად. ვიცით, რომ საქართველო ჩვენთანაა, გვიყვარხართ!" - რას უყვებიან კიეველები ambebi.ge - ს

"უთხარით ყველას, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებს ამ ბოროტების გასანადგურებლად. ვიცით, რომ საქართველო ჩვენთანაა, გვიყვარხართ!" - რას უყვებიან კიეველები ambebi.ge - ს

რუსეთმა მაინც აისრულა ავი განზრახვა და დღეს დილით თავს დაესხა უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ცხადია, ყველა განვიცდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მით უფრო, რომ ქართველებს უკრაინელებთან გამორჩეული სიახლოვე გვაკავშირებს. ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი და, უპირველესად, ჩემი ძვირფასი ადამიანების გამო ვნერვიულობ, ასევე, ვნერვიულობ ყველა უკრაინელზე, მამაც ადამიანებზე, რომლებსაც სამშობლოსთვის უკანასკნელი სისხლის წვეთიც არ ენანებათ. ძლივს დავუკავშირდი კიევში მცხოვრებ ჩემს მეგობრებს და წვრილად გამოვკითხე, რა ვითარება იყო კიევში და თავად სად და როგორ იყვნენ.

მაშა:

- დილით აფეთქებების ხმამ გაგვაღვიძა. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ახლა ვცდილობთ, დავტოვოთ კიევი. ერთი წუთითაც არ გვიფიქრია ჩვენი ქვეყნიდან სხვაგან წასვლა და სხვა ქვეყანაში თავის შეფარება, ასეთ რთულ დროს აქაურობას არ მივატოვებთ, მაგრამ ქალაქიდან უნდა გავიყვანოთ ბავშვები. ყველა სამსახურმა შეაჩერა მუშაობა, დაიხურა სკოლები, საბავშვო ბაღები. ვისაც შეუძლია, ქალაქის დატოვებას ცდილობს. ყველას გვეშინია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში - ყოჩაღად ვართ! ხომ იცი, საკუთარ თავზე შეიძლება არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვების გამო შეუძლებელია არ განიცადო.

ახლა მანქანაში ვსხედვართ, სოფელში გვინდა, წავიდეთ, მაგრამ ყველგან საცობებია, თუმცა პანიკა არსად იგრძნობა. ვლოცულობთ და გვჯერა, რომ ასეთი ბოროტება უსასრულოდ ვერ იმძვინვარებს! მინდა, შენც გჯეროდეს და უთხარით ყველას, რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს ეს ბოროტება და ეს ურჩხული!

ვიკა:

- მთელ ქვეყანაში წერტილოვანი აფეთქებებია, ამიტომ უსაფრთხო ადგილი, ფაქტობრივად არსადაა. მიუხედავად ამისა, ქალაქიდან უნდა გავიდეთ, ბავშვები უნდა გავიყვანოთ. მთელ უკრაინას სჯერა, რომ სინათლე გაიმარჯვებს! ვინმემ უნდა დაასრულოს ეს საშინელება! ვიმედოვნებ, რომ უკრაინას ეყოფა ძალა ამის გასაკეთებლად! ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ! ვიცით, რომ საქართველო ჩვენთანაა, გვიყვარხართ!

უფალი არ მიატოვებს უკრაინას და საქართველოს! რუსეთმა ჭურვები ესროლა უკრაინის დედაქალაქ კიევს, ქალაქს, სადაც თავად ღვთისმშობლის წილხვედრი კიევ-პეჩორის ლავრაა. ის ვერაფერს დააკლებს ვერც ლავრას, ვერც კიევს და ვერც უკრაინას. ის იქცევა იმავენაირად, როგორც მოექცა 2008 წელს საქართველოს... მაგრამ ვერც საქართველოს გაანადგურებს, რადგან მისი მფარველიც სწორედ დედაღვთისმშობელია.

P.S.

ეს სევდით, ვედრებითა და იმედით სავსე ნახატი საქართველოში დაიწერა და მისი ავტორი ჩემი უკრაინელი მეგობარია, რომელიც 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობის მიზნით წამოიწყო ბრძოლები, თბილისში იმყოფებოდა. მისი ასლი ჩემს კედელს ამშვენებს და არასდროს მავიწყებს, რა ჩაიდინა, რას სჩადის და, ჩემი ღრმა რწმენით, საბოლოოდ, რა ელის რუსეთს, რომელიც უკვე დიდ ურჩხულს დაემსგავსა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე