ავტორი:

კერძო სექტორის მხარდაჭერა უკრაინელებს - რესტორნები, სასტუმროები და კლინიკები საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ

კერძო სექტორის მხარდაჭერა უკრაინელებს - რესტორნები, სასტუმროები და კლინიკები საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ

კერძო სექტორი: სასტუმროები, რესტორნები, კლინიკები, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები საქართველოში უკრაინელებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ. მათ დახმარებას სთავაზობს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაც. ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი.

"ფეისბუქის" ცნობილ ჯგუფში "Spend 4 Seasons in Georgia" უამრავი ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან წერს, რომ მზად არიან, საკუთარ სახლებში საქართველოში მყოფ უკრაინელებს უმაპინძლონ.

"მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელი და "თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ უკვე განხორციელდა პირველი ზარები, უკრაინელების მხრიდან და რამდენიმე საათში ეყოლებათ პირველი სტუმრები.

"ამ ეტაპზე, ინიციატივა შეეხებათ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილი და ვერ ახერხებენ უკან სამშობლოში დაბრუნებას. მათ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი სასტუმროს ნომრები და საჭიროების მიხედვით, თუ რომელი რეგიონის სასტუმროში ექნებათ საჭიროება, იქ განვათავსებთ. უკვე შემოვიდა ზარები თბილისი ცენტრალის სასტუმროში და უახლოეს საათებში იქ გვეყოლება პირველი უკრაინელი სტუმრები.

ასევე, სულ მალე, ასოციაცია გაავრცელებს განცხადებას, რომ სასტუმრო სექტორი მზად არის ომის მსხვერპლი ადამიანების მისაღებადაც უკრაინიდან. მათ, ჩვენ შევთავაზებთ დროებით თავშესაფარს ჩვენი განთავსების ობიექტებში“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან“.

"ლელო საქართველოს“ კვოტით ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი კუპრაძის სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის მიხედვით კი, სასტუმრო ქსელი "მგზავრების“ გარდა, უკრაინის მოქალაქეების მისაღებად მზად არიან, რჩეული მარანი თელავში 30 ნომრით და სასტუმრო "Best hotel” თბილისში.

მსახიობმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი. სადაც აღნიშანა, რომ მისი პარტნიორის სასტუმრო საქართველოში მყოფ უკრაინელებს დახმარებას სთავაზობს.

"ჩემი პარტნიორის სასტუმრო "ფოლკი" გრიშაშვილის # 56უფასოდ უთმობს ნომრებს საუზმით საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს" - წერს "ფეისბუქში" ია ფარულავა.

ცნობისათვის, კიევის, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ფრენები შეჩერდა უკრაინის თითქმის ყველა აეპოროტიდან, დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის.