ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.
კარლ ჰარცელი საქართველოში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე მივიდა.
მისი თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.
"ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, აქტიური ზომები ამ პროცესის წინა ნაწილის საპასუხოდ. დღეს საღამოს, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ შემდგომი ზომები”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ჰარცელის განცხადებით, უკრაინის სიტუაცია საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, მისი წარსულიდან გამომდინარე.
"ვფიქრობ, ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობა, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.