დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან "ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში თქვა, სხვა სახელმწიფოებს "ეშინიათ“ მხარი დაუჭირონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
"ვინ არის მზად უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარანტიისთვის? ყველას ეშინია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ყველა პარტნიორს ჰკითხა, არიან თუ არა უკრაინასთან.
"ისინი ჩვენთან არიან, მაგრამ არ არიან მზად, რომ ალიანსში მიგვიღონ“, - დასძინა მან.
"მადლობელი ვარ თითოეული სახელმწიფოსი, რომელიც გვეხმარება კონკრეტულად და არა მხოლოდ სიტყვებით. მაგრამ არის მეორე - ჩვენ მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 137 უკრაინელი დაიღუპა , 316 კი დაიჭრა.