ავტორი:

"მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, გონს მოეგონ და არ ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც არავის ჩაუდენია პარლამენტარიზმის ისტორიაში" - დავით უსუფაშვილი

"მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, გონს მოეგონ და არ ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც არავის ჩაუდენია პარლამენტარიზმის ისტორიაში" - დავით უსუფაშვილი

"ყოველგვარი მცდელობა, რომ ან დარბაზი არ გააღონ ან პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი კონსტიტუციური მოვალეობა არ შეასრულოს, ეს არის უხეში დარღვევა კონსტიტუციის, რეგლამენტის, კანონის და საერთოდ პარლამენტარიზმის ელემენტარული საკითხების,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2013 წელსაც იყო ასეთი შემთხვევა, როცა უმრავლესობას არ სურდა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, თუმცა, მან მაინც ჩაატარა რეგისტრაციის პროცედურა.

"სამწუხაროდ, ვხედავთ უმრავლესობის მხრიდან მცდელობებს, ტრადიციულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებად გადააქციონ დღევანდელი დღე და მარტივ საკითხზე, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, ერთად ვერ შევძლოთ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პოზიციის დაფიქსირება. მოვისმინე, რომ გადაწყვეტილი აქვთ, საერთოდ რეგისტრაციაც კი არ ჩაატარონ პარლამენტის წევრების. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, მათ იურისტებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ჯერ კიდევ აქვთ დრო, ცოტა არ იყოს გონს მოეგონ, რასთან გვაქვს საქმე და უნებურად, თუ შეგნებულად არ ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც არავის ჩაუდენია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. ამ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა არის უფლება პარლამენტის წევრების და თავმჯდომარის. გუშინ ჩვენ პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართეთ, მას გადაედგა ეს ნაბიჯი. როცა მან უარი თქვა, მერე მივმართეთ პრეზიდენტს. მან კონსტიტუციის საფუძველზე გამოსცა აქტი, რომელშიც წერია, რომ სხდომა მოწვეულია კონკრეტული დღის წესრიგით. ეს არის სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური პროცედურა და არა ვინმეს მოწონს-არ მოწონს, იწილო-ბიწილო, მივალ-არ მოვალ, თეატრში წავალ და არ დავესწრები. ეს არის სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური საქმიანობის პროცესი, რომელიც შემდგომ რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით, სადაც წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია გაუძღვეს მოწვეულ სხდომას, ჩაატაროს რეგისტრაცია ან ეს მოვალეობა გადასცეს რომელიმე მოადგილეს, მერე რეგლამენტი ითვალისწინებს საკითხს იმის შესახებ, რა ხდება თუ რეგისტრაციაზე აღმოჩნდა, რომ საჭირო რაოდენობაზე ნაკლები წევრები არიან. კერძოდ - 15 წუთში კიდევ ტარდება რეგისტრაცია, მერე 45 წუთში კიდევ ერთხელ და თუ აღმოჩნდა, რომ პარლამენტის წევრები არ არიან, ძალით მათ აქ ვერავინ შემოიყვანს, მაშინ სხდომა გამოცხადდება ვერ შემდგარად. ყოველგვარი სხვა მცდელობა, რომ ან დარბაზი არ გააღონ ან პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი კონსტიტუციური მოვალეობა არ შეასრულოს, ან მის მოადგილეს არ დაავალოს პროცედურების შესრულება და ეს არის უხეში დარღვევა კონსტიტუციის, რეგლამენტის, კანონის და საერთოდ პარლამენტარიზმის ელემენტარული საკითხების. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტის მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე უმრავლესობა სხვა აზრისაა და არ სურს მასში მონაწილეობის მიღება. ასეთი რამ მოხდა 2013 წლის პარლამენტშიც, მაშინ რა გაკეთდა? - მე პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე ჩავედი ქუთაისში, პარლამენტში, დავიკავე ჩემი ადგილი, ჩავატარე რეგისტრაცია იმდენჯერ, რამდენჯერაც კანონი მავალებდა, ვერ უზრუნველვყავი ჩემი კოლეგების უმრავლესობიდან დასწრება, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველამ, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზეა, კარგად უნდა გაიაზროს, რომ ის მთელ ქვეყანას ემსახურება, პაპუაშვილი ჩემი თავმჯდომარეცაა და ჩემი უფლება, რომ სხდომაზე შევძლო შესვლა და მქონდეს მცდელობა სხდომა ჩატარდეს, მან უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში და არ უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში, მისი პარტიის პოლიტიკური ამოცანები, რომელიც შეუძლიათ შეასრულონ და ამაზე პოლიტიკურად აგონ პასუხი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.