"კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დააწყობენ" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმ პირობების განმარტებისას განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას.
ამასთანავე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არავინ არ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როცა ამბობს, რომ მზადაა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს.
„პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი.
ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, "სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმის სინდისზე იქნება". მან მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს "არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები, დადონ იარაღი და წავიდნენ სახლში".