ავტორი:

"რაც უფრო გაჭიანურდება ომი, ეს უკრაინისთვის უკეთესია" - როგორია კონფლიქტის სავარაუდო სცენარი და ძალთა ბალანსი რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტის ინტერვიუ

"რაც უფრო გაჭიანურდება ომი, ეს უკრაინისთვის უკეთესია" - როგორია კონფლიქტის სავარაუდო სცენარი და ძალთა ბალანსი რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტის ინტერვიუ

ომის მეორე დღეს უკრაინაში ვითარება სულ უფრო მწვავდება. რუსულმა ძალებმა კიევამდე მიაღწიეს და შეტაკებები დედაქალაქის მისადგომებთან ამ დრომდე გრძელდება. კიევისკენ რუსული ტანკები დაიძრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. არ არის გამორიცხული, კიევზე საავიაციო თავდასხმა განხორციელდეს. მართალია, კომენდანტის საათი დროებით მოხსნილია, თუმცა ხელისუფლების მოწოდება - მოსახლეობა დარჩეს თავშესაფრებში, ძალაში რჩება.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები კონფლიქტის ეპიცენტრში, როგორია ძალთა ბალანსი, რა იქნება რუსეთის შემაკავებელი და რა ხანგრძლივობა ექნება დამპყრობლურ ომს, ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი პასუხობს:

"მეორე დღეა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და უკვე გამოიკვეთა რუსეთის ხელისუფლების მიზანი. პირველ რიგში, ეს არის კიევის აღება, ხელისუფლების დამხობა და თავისი, პრორუსული, მარიონეტული ხელისუფლების დასმა, როგორც ეს ჩვენთან და ყირიმში გააკეთა. პუტინი თუ კიევში ამას მოახერხებს, მერე, რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება აღარც ნატოსკენ გაიხედავს და აღარც - დასავლეთისკენ, რუსეთი, ისევე, როგორც ბელორუსს, უკრაინასაც ჩაყლაპავს. ამჟამად შეტევები ძირითადად ორი მიმართულებით მიმდინარეობს - ჩრდილოეთიდან კიევის მიმართულებით და სამხრეთში ყირიმიდან ოდესისკენ, რათა რუსებმა ყველა საპორტო ქალაქი დაიკავონ და უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტონ. ასევე, გრძელდება სარაკეტო დარტყმებიც. რუსეთმა თავიდან სცადა აეროდრომების მწყობრიდან გამოყვანა და ძირითადი სტაციონარული ობიექტების - რადიოლოკაციური სადგურების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა. მეტ-ნაკლებად, ეს მას გამოუვიდა, მაგრამ ძირითადი ბრძოლები მაინც ხმელეთზე გაგრძელდება.

- დედაქალაქის აღება და მისი გაკონტროლება მარტივი იქნება? რუსეთს საამისოდ საკმარისი რესურსები აქვს?

- რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოახერხოს კიევში შესვლა, სიმბოლურად დროშა აღმართოს და იქ თავისი ხელისუფლება დასვას. ქალაქში შეჭრა ერთია და მისი გაკონტროლება - მეორე. აქ ჯერ მთავარია სხვადასხვა მიმართულებიდან შეიჭრან ცენტრისკენ და დროშა ააფრიალონ. გარდა ამისა, რუსეთს შესწევს უნარი, უკრაინაში 200 ათასი სამხედროს გარდა, დამატებითი ძალები შეიყვანოს. ახლა მთავარია, რუსეთმა ერთგვარი ბლიც-კრიგი განახორციელოს.

ინფოგრაფიკა ასახავს რუსეთ-უკრაინის სამხედრო ძალის ბალანსს

- რუსეთი ODKB-ის ძალების დამატებას მართლა აპირებს?

- რუსეთს არაფერში სჭირდება ეს ძალები, თავისი საკმარისად აქვს. მას უბრალოდ, პოლიტიკურად სჭირდება მარტო არ იყოს გასვრილი ამ საშინელებაში - 21-ე საუკუნის ნაციზმში და უნდა ჩაითრიოს სხვებიც. ერთი უკვე ჩათრეული ჰყავს, ეს ლუკაშენკოა - ბელორუსიიდანაც მიდის შეტევები, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების გაშვება უკრაინის მიმართულებით და არ გამოვრიცხავ, რუსებთან ერთად ბელორუსებიც იბრძოდნენ უკრაინელების წინააღმდეგ. ლუკაშენკო ყველა ვარიანტში ჩათრეულია, აქ საუბარია ODKB-ის დანარჩენ წევრებზე. არ მგონია, მაგ. სომხეთი დათანხმდეს ამაზე, ან ყაზახეთი, თუმცა გამორიცხული არაფერია.

- გამოცხადებული მკაცრი სანქციების პაკეტი გახდება რუსეთისთვის შემაკავებელი, თუ ამისთვის სამხედრო ძალაა მთავარი?

- ამ მოკლე პერიოდში სანქციები ვერაფრით გახდება შემაკავებელი. ერთადერთი, ეს შეიძლება იყოს სამხედრო ძალა, თუმცა ნატომ ჯერ კიდევ თვეების წინ გარკვევით და ღიად განაცხადა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაებმება ბრძოლებში და თავის ჯარისკაცებს არ გააგზავნის უკრაინაში, რითაც ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს. ერთადერთი, უკრაინელები უნდა იყვნენ მხოლოდ თავის იმედად. მათთვის მთავარია, რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ ბრძოლებში და არ გატყდნენ. რაც უფრო გაჭიანურდება ომი, ეს მათთვის უკეთესია.

- კონკრეტულად, რა თვალსაზრისითაა მომგებიანი უკრაინისთვის გაჭიანურებული ომი?

- გაჭიანურება სასარგებლოა იმით, რომ რუსეთს ექნება მეტი დანაკარგი, მეტი იქნება მსოფლიოს საწინააღმდეგო განწყობები, მაგრამ მთავარი - აქ გამოჩნდება, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა ბლიც -კრიგი და ვერ მოახერხა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. უკრაინას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ აქვს იმის შანსი, რომ ტოტალური თავდაცვის, პარტიზანული ბრძოლის პრინციპით გაახანგრძლივოს ომი და შეაკავოს მტერი. მთავარია, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მეტი გაძლოს დამპყრობლებთან ბრძოლებში.

ირაკლი ალადაშვილი

- რუსეთის ინტერვენციის მიზანი მთელი უკრაინის დაპყრობა რომ არის, გამოჩნდა. უშვებთ უკრაინის წარმატებას ამ ომში?

- ამ ეტაპზე აზრი აქვს შედარებით ახლომოქმედ იარაღს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, იგივე „ჯაველინებს“ და სხვას, რომლებიც ახლო მანძილზე იმოქმედებს. ახლა უკრაინის ტაქტიკა უნდა გადავიდეს ახლო ბრძოლაზე - "ესროლე, გაიქეცი", ანუ პარტიზანულ ბრძოლაზე, ტოტალური თავდაცვის პრინციპიზე. გუშინ, კიევში 10 ათასზე მეტი ავტომატი დაარიგეს - მოქალაქე მიდიოდა, უბრალოდ, პასპორტს აჩვენებდა და ავტომატს აძლევდნენ, ვაზნებთან ერთად. ეს რამდენად გაამართლებს არ ვიცი, მაგრამ უკრაინამ თუ შეძლო და დაიწყო პარტიზანული მოქმედების პრინციპი, ეს ბევრად მეტ ზიანს მიაყენებს დამპყრობელს.

- ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღება-დაკავება რაში სჭირდებოდათ რუსებს? არ გამორიცხავენ, 1986 წლის ტრაგედია განმეორდეს...

- თავიდან, ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა რუსეთის რა გეგმაც დადო და რომელიც, პრინციპში, გამართლდა (შეტევის ყველა მიმართულებაზე), მასში იყო მითითებული, რომ რუსეთიდან და ბელორუსიდან შეტევის შემთხვევაში, ისინი გვერდს აუვლიდნენ ჩერნობილის ზონას, მაგრამ რეალურად, პირიქით მოხდა. რატომ შევიდნენ ჩერნობილში, ამის ახსნა რთულია. 36 წელი გავიდა და დღეს ჩერნობილის ზონა რადიოაქტიური გამოსხივებით მართალია, ისეთი საშიში აღარაა, მაგრამ ძალზე სახიფათოა ავარიაგანცდილ ყოფილ მეოთხე ბლოკზე აღმართული უზარმაზარი სარკოფაგის დაზიანების თვალსაზრისით. ევროკავშირმა ორ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, რომ ამ დანგრეული ატომური რეაქტორისთვის ახალი, უნიკალური კონსტრუქციის სარკოფაგი გადაეფარებინა. ჩერნობილის სარკოფაგზე სროლისა და მისი სერიოზულად დაზიანების შემთხვევაში, "გამოფხიზლდებიან" დანგრეული რეაქტორისა და შენობის ძირში "მიძინებული" საშიში რადიონუკლიდები და ისევ ატმოსფეროში "ამოყოფენ თავს", მერე, კაცმა არ იცის, ის საით წავა.

- ბირთვული ომის საშიშროებას თუ ხედავთ, რაზეც პუტინმა არა ერთხელ გააკეთა აქცენტი...

- პუტინმა აგრესიის ერთ-ერთ საბაბად სცადა გამოეყენებინა მოტივი, თითქოს უკრაინა აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას. ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. უკრაინა არ აპირებს და ვერც გააკეთებს ამას, რადგან უზარმაზარი ხარჯები სჭირდება და რუსეთმა ხმაც რომ არ ამოიღოს, ამას დასავლეთი არ დაუშვებს. რუსეთი რა რაკეტებსაც ესვრის უკრაინას (რაც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა 2008-ში), თითქმის ყველას შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანა, მათ შორის "ისკანდერსაც“. თუმცა რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაც პუტინმა გაბედა და გააკეთა, არავითარ ჩარჩოში არ ჯდება, ახლა ამ მსოფლიოში გამორიცხული უკვე აღარც არაფერია.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენ ხანს გასტანს რუსეთ-უკრაინის ომი?

- 1-2 დღე იქნება გარდამტეხი, რათა გამოიკვეთოს ნათელი სურათი იმისა, რა და როგორ იქნება. არ მგონია, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს აქტიური მოქმედებები, ამის რესურსებიც არ იქნება, მაგრამ პარტიზანული ომი საკმაოდ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. ეს თუ შეძლო უკრაინამ, რუსეთმა კიევიც რომ დაიკავოს და დასვას თავისი ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს ომის დამთავრებას. უკრაინელებს შეუძლიათ გააგრძელონ პარტიზანული მოქმედებები მთელს ტერიტორიაზე და თუ მას მხარდაჭერაც ექნება, მაშინ რუსეთის ბედი დაახლოებით ისეთივე აღმოჩნდება, როგორიც გერმანელებისა იმავე უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჰიტლერი პარტიზანულ ბრძოლებს შეეჯახა.