ავტორი:

ქართველი ქირურგი ფრონტის წინა ხაზიდან - რას ჰყვება არჩილ ჭანტურიძე, რომელიც კიევში უკრაინელ და რუს სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უწევს

ქართველი ქირურგი ფრონტის წინა ხაზიდან - რას ჰყვება არჩილ ჭანტურიძე, რომელიც კიევში უკრაინელ და რუს სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უწევს

უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უკრაინა, რომელიც რუსეთის აგრესიას იგერიებს. ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა კიევსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ისმის აფეთქებები, არის შეტაკებები.

უკრაინელი სამხედროები, მოხალისეები და უკვე სამოქალაქო პირები, რომელთაც რამდენიმე დღეა პირადობის მოწმობის საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღი დაურიგდათ, რუს ოკუპანტებს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ებრძვიან.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მოგერიებაში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროფესიის ქართველები - სამხედროები, ექიმები... მათ შორის არის ქართველი ქირურგი არჩილ ჭანტურიძე, რომელიც კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში უკრაინელ დაჭრილ ჯარისკაცებსთან ერთად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რუსებსაც უწევს.

"დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ერთმანეთის მხარდაჭერა. ამ ურთულეს ვითარებაში მე ჩემს ოჯახთან ერთად კიევში ვიმყოფები და არ დაგვიტოვებია უკრაინის ტერიტორია.

მე ვარ ქირურგი და ბოლო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში ჩემს პროფესიულ მოვალეობას უკრაინელ კოლეგებთან ერთად საგანგებო რეჟიმში ვასრულებ.

მე მოვალე ვარ გვერდით დავუდვე მათ ამ უმძიმეს პერიოდში. ჩვენ ერთად ვზრუნავთ დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირებზე. ჩემი პაციენტების რიგებში უკრაინელ სამხედროებთან ერთად რუსი ჯარისკაცებიც არიან. მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას!" - განაცხადა არჩილ ჭანტურიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

არჩილ ჭანტურიძე უკვე წლებია უკრაინაში საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მან კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა კიევში გაიარა, ასევე პარალელურ რეჟიმში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

არჩილ ჭანტურიძე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია და კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში უკვე 17 წელია მოღვაწეობს. მისი მეუღლე რუსუდან ტალახაძე ექიმი-რადიოლოგია, რომელიც ასევე კიევის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე 12 წელია მუშაობს.