ავტორი:

"სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ოჯახი, ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და არაორდინალური გზა პრეზიდენტობამდე

"სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ოჯახი, ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და არაორდინალური გზა პრეზიდენტობამდე

უკრაინა დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ომის მოვლენათა ეპიცენტრში. მედიაში წერენ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, თუ მსახიობი, რომელიც კომედიური ჟანრის სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი იყო, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდებოდა.

44 წლის ზელენსკის საზოგადოების ნაწილი მამაც ლიდერს უწოდებს, რომელიც მიუხედავად უკრაინაში შექმნილი ვითარებისა, სიმშვიდეს ინარჩუნებს, მოქალაქეებს ამშვიდებს, ცდილობს, პანიკა არ დათესოს და დასავლელ კოლეგებსა და სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც მოუწოდებს მსგავსი ქმედებისკენ.

"ჩვენ არ გვჭირდება ომი, არც ცივი ომი, არც ცხელი ომი, არც ჰიბრიდული“, - ამბობს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური გზა არ ყოფილა ჩვეულებრივი და თითქმის არაფრით ჰგავდა სხვა ლიდერების კარიერას. როდესაც ის საზოგადოების წინაშე უკრაინის პრეზიდენტად წარსდგა, მაშინ ყველაფერი მხოლოდ თამაში და სატელევიზიო როლი იყო, თუმცა მალე კომედიური ჟანრის კინოროლი ზელენსკის რელობად ექცა.

2019 წლის აპრილში ის მართლაც გახდა უკრაინის პრეზიდენტი და ახლა 44-მილიონიანი ქვეყნის ლიდერია, რომელიც ომშია რუსეთთან.

  • "ხალხის მსახური"

სატელევიზიო კომედიური ჟანრის შოუს, რომელმაც ზელენსკის პოპულარობა მოუტანა, "ხალხის მსახური“ ერქვა, მოგვიანებით, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, პარტიასაც ეს სახელი უწოდა. შოუში ზელენსკი ასრულებდა ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც შემთხვევით გახდა პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ინტერნეტში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მისი ვიდეო გავრცელდა.

ეს იყო ზღაპრული ამბავი, რომელმაც პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულ უკრაინელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროფესიით სამართალმცოდნეა, თუმცა კომიკოსობა მისი მოწოდება იყო. ადრეულ წლებში რეგულარულად მონაწილეობდა Russian TV-ის კომედიურ შოუში. 2003 წელს სატელევიზიო საპროდიუსერო კომპანია, სახელად Kvartal 95 დააარსა.

კომპანია ქმნიდა პროდუქტს უკრაინული არხისთვის -1+1, რომლის მფლობელმა, მილიარდერმა კოლომოისკიმ მოგვიანებით ზელენსკის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი დაუჭირა.

სატელევიზო შოუში "ხალხის მსახური" ვოლოდიმირ ზელენსკის პერსონაჟი ვასილ გოლობოროდკო იყო. ზელენსკის ამ პერსონაჟმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა და მისი, როგორც მსახიობის კარიერაში ყველა მნიშვნელოვან როლად იქცა. ამ პერიოდში ის "ინსტაგრამის" ვარსკვლავი გახდა და უკვე ჰყავდა მილიონობით გამომწერი. მისმა პლატფორმამ სოციალურ ქსელებში საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც დიდი როლი ითამაშა.

ზელენსკის "ინსტაგრამზე" 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

მისი საპრეზიდენტო კამპანია არაორდინალური და ყველასგან განსხვავებული იყო - კამპანიის დროს განაგრძო გასტროლები ჯგუფთან ერთად და აშარჟებდა თავის ოპონენტებს.

ზელენსკის მთავარი ოპონენტი, პეტრო პოროშენკო, ცდილობდა თავისი კონკურენტი წარმოეჩინა, როგორც პოლიტიკური ახალბედა, რომელსაც არაფერი ესმოდა პოლიტიკის. თუმცა პოროშენკოს ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, ზელენსკიმ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და უკრაინელთა ხმების 73,2% მიიღო. პრეზიდენტის ფიცი 2019 წლის 20 მაისს დადო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიქმნა იმიჯი კაცისა, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ. მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ, სატელევიზიო პერსონაჟის მსგავსი იყო. პერსონაჟის მსგავსად, რეალურადაც, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებდა კორუფციას უკრაინაში.

"ვინ ვართ ჩვენ პოლიტიკოსებისთვის? კლოუნები, მართალია. მე კლოუნი ვარ, შენ კლოუნი ხარ, 40 მილიონი კლოუნია“, - ეუბნება ერთ-ერთ სცენაში ზელენსკის გმირი ტაქსის მძღოლს.

როდესაც პრეზიდენტი გახდა, ზელენსკიმ თქვა, რომ იპოვიდა გზას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტებთან რვაწლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. თავდაპირველად, ცდილობდა პუტინთან დიპლომატიური კავშირის დამყარებას, მაგრამ საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.

გასულ წელს, კორონავირუსის კრიზისის დროს, ზელენსკიმ პრორუსული უკრაინული პოლიტიკური ძალების მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია გამოიჩინა, განსაკუთრებით ეს ეხება ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც ცნობილია, როგორც "პუტინის კაცი უკრაინაში.“ რუსეთმა სამხედრო ძალების მობილიზაცია უკრაინის გარშემო დაიწყო მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მედვედჩუკსა და მასთან დაკავშირებულ ტელევიზიებს სანქციები დაუწესა.

  • ოჯახი

ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი-როგში, 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა, ზელენსკის მშობლები ებრაელები არიან. დაამთავრა კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტი ოლენა ზელენსკაზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს - გოგონა ოლექსანდრა და ვაჟი - კირილი.

უკრაინის პირველი ლედიც იმავე ქალაქში დაიბადა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი, ის და მისი მომავალი ქმარი სკოლელები იყვნენ, თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ და მოგვიანებით შეხვდნენ, როდესაც ოლენა კრივოი-როგის ეროვნულ უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ამ ფოტოში ყველაფერია რაც მჭირდება - ბევრი მზე, ჩვენ ერთად და შენი ღიმილი", - წერს "ინსტაგრამზე" ოლენა ზელენსკა

დაქორწინებამდე ერთმანეთს 8 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, ხოლო 2005 წელს ოფიციალურად იქორწინეს.

უკრაინის პირველი ლედისა და პრეზიდენტის ქორწილის ფოტო

მედიის ცნობით, უკრაინის პირველი ლედი თავდაპირველად წინააღმდეგი ყოფილა მისი ქმრის პოლიტიკაში ჩართვის და ეწინააღმდეგებოდა მას, როცა საპრეზიდენტო კამპანიას იწყებდა, თუმცა ოლენა ახლა ამბობს, რომ ის უპირველესად არის თავისი ქმრის მხარდამჭერი.

"როდესაც მითხრა, რომ ეს მოხდებოდა, უკვე მზად ვიყავი მცირე ცვლილებებისთვის ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. მე შემეძლო მისთვის განწყობის გაფუჭება, დაბრკოლების შექმნა, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი“, - ამბობდა ოლენა.

ოლენა ზელენსკის "ინსტაგრამზე" არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც მის მეუღლეს ეძღვნება. ერთ-ერთ ფოტოზე კი ასეთი მინაწერია:

"იცით, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მე მიყურებს, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე მიყურებს. ყველა ქალს ვუსურვებ, რომ ასეთი თვალებით უმზერდნენ, რადგანაც ასე გამოიყურება მხოლოდ ის, ვისაც გულწრფელად უყვარს.

მე ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს და სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია", - წერს ოლენა.