ტოპ ათეულში მყოფი ორი რუსი ჩოგბურთელი, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი დანიილ მედვედევი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა. მეხიკოში მოგებული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის მშვიდობის მომხრეა.
"ასეთ მომენტში იაზრებ, რომ ჩოგბურთი ზოგჯერ არც ისე მნიშვნელოვანია. როგორც ჩოგბურთელმა, მინდა პოპულარიზაცია გავუწიო მშვიდობას მსოფლიოში. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში. მე პირადად ვიყავი ბევრ ქვეყანაში, როგორც დამწყები და როგორც პროფესიონალი. მარტივი არ არის მსგავსი სიახლეების მოსმენა“, - აღნიშნა მედვედევმა.
მშვიდობას მხარი დაუჭირა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლევმა, რომელმაც მატჩის შემდეგ კამერის ლინზაზე დაწერა: "არა ომს, გთხოვთ“.
"ასეთ მომენტში იაზრებ რომ შენი მატჩი არ არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს ჩემს მატჩს არ შეეხება და არც იმას, როგორ გავლენას ახდენს ეს ჩემზე, რადგან ის, რაც ხდება ბევრად უფრო საშინელია. აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა მსოფლიოში, პატივი ვცეთ ერთმანეთს ყველაფრის მიუხედავად და ვიყოთ ერთიანი. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და ერთმანეთზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ჩოგბურთელმა.