ავტორი:

რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში რაკეტა კორპუსს დაეცა - ღამის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში რაკეტა კორპუსს დაეცა - ღამის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში საცხოვრებელ სახლს რაკეტა დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დაადასტურა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. დმიტრო კულებამ საერთაშორისო მსოფლიო ლიდერებს მიმართა და რუსეთის სრული იზოლაცია და უკრაინაში ომის შეჩერება მოითხოვა.

"ჩვენმა დიდებულმა მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ჯარებისა და საჰაერო თავდასხმების კიდევ ერთ ღამეს გაუძლო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. შეაჩერეთ რუსეთის ომი“, - განაცხადა კულებამ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებენ ან თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში არ მუშაობენ.

"მეგობრებო! კიეველებო! უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად ყველა დარჩით სახლსა და თავშესაფრებში! არ გამოხვიდეთ გარეთ არავინ, მათ გარდა, ვინც მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში ან თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებთ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ დედაქალაქში მეტრო გადავიდა თავშესაფრის რეჟიმში და მგზავრთა ტრანსპორტირებას არ მოახდენს.